ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ში პარტნიორთა კრება მიმდინარეობს.
კრებას ესწრება ტელეკომპანიის ცხრა პროცენტიანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატი.
გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, კრება მათი ინიციატივით არის მოწვეული და შესთავაზებენ პარტნიორებს საკუთარ წინადადებას. აღნიშნული კი, ადვოკატის განმარტებით, ეხება პროცესში უცხოური აუდიტორული კომპანიის ჩართვას და დავის არბიტრაჟის გზით გადაწყვეტას.
„განსახილველ საკითხებს წარმოადგენს დავის ალტერნატიული გზების განხილვა. ვეხმაურებით ამით კომპანიის გენერალური დირექტორის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არბიტრაჟში მოხვდეს საქმის განხილვა და გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს შეთავაზება. ჩვენი წინადადების მიხედვით, კომპანიას შეუძლია თავისი ფინანსური დოკუმენტაცია გადასცეს ერთ-ერთ წამყვან აუდიტორულ კომპანიას, რომელიც განიხილავს ფინანსურ დოკუმენტაციას, მიიღებს გარკვეულ შემაჯამებელ გადაწყვეტილებას და ამით „რუსთავი 2″-ის ყველა პარტნიორს საშუალება ექნება, სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებამდე ჰქონდეს ხელთ წამყვანი აუდიტორული კომპანიის გადაწყეტილება, თუ რა ფინანსური მდგომარეობაა კომპანიაში. ეს საშუალებას მისცემს ჩვენს ოპონენტებს მათთვის კომფორტული ასპარეზი ჰქონდეთ”, – განაცხადა ადვოკატმა.
გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, პარტნიორთა კრებაზე მათ მოწვეული ჰყავთ ლევან და გია ყარამანაშვილები, კომპანიის ხელმძღვანელობა და ტელეკომპანია „საქართველოს” წარმომადგენლები.
„ამ მომენტისთვის სასარჩელო მოთხოვნა 28 მილიონს წარმოადგენს, თუმცა სათანადო აუდიტორიული დასკვნების და კვლევების შედეგად ამ თანხამ შესაძლოა, ცვლილება განიცადოს”, – აცხადებს ყავლაშვილი.
პარტნიორთა კრების დაწყებამდე ტელეარხის იურისტებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. მათი თქმით, განცხადებას კრებაზე ნიჟარაძის წარმომადგენლის პოზიციის გაცნობის შემდეგ გააკეთებენ.