ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმეზე სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი იკითხება
ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმეზე სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი იკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ერეკლე კოდუას სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენებას აძლევს კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი, სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი, არჩილ არევაძე. არევაძე ამჟამად განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორია.

მან 7 ნოემბრის აქციის დარბევა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის ეპიზოდი გაიხსენა.

მოწმის თქმით, დედაქალაქის მთავარ გამზირზე რამდენიმე დანაყოფის სპეცდანიშნულების რაზმი იყო. არევაძემ ჩვენებაში თქვა, რომ სპეცრაზმს ადგილზე დათა ახალაია და ერეკლე კოდუა ხელმძღვანელობდნენ.

გარდა ამისა, მოწმის თქმით, ის ტელეკომპანია „იმედში“ სხვადასხვა სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრის შემდეგ მივიდა და ადგილზე ალყაშემორტყმული და ძირს დაწვენილი ჟურნალისტები ნახა.

„2007 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით ვმუშაობდი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორად. როცა კონსიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი შეიქმნა, მაშინ ძალიან ცოტანი ვიყავით. 7 ნოემბერს საკმაოდ დაძაბული დღე იყო. რუსთაველის გამზირზე ხალხს ვთხოვდით, რომ გზა არ ჩაკეტილიყო.

დათა ახალაიამ დამირეკა და მთხოვა იქ მისვლა. განსაკუთრებული დეპარტამენტის რაზმი იქვე ქაშვეთთან გაჩერდა. არ ვიცი მერე რა მოხდა, ვინ ვის დაარტყა არ ვიცი. უცბად ჩხუბი დაიწყო. იქ ვინ დაგეგმა, რატომ გააკეთეს, არ ვიცი. რეზინის ტყვიები ისროლეს, ჭავლი გაუშვეს.

იქ რამდენიმე დეპარტამენტის დანაყოფი იყო. ადგილზე სპეცრაზმს იქ ხელმძღვანელობდა დათა ახალაია და ერეკლე კოდუა. სუბარს მოარტყეს ერთი ორი მაშინ და გამოიქცნენ. რომელი დანაყოფი იყო, არ ვიცი. ყვითელი მოსაცმელი ეცვათ. დაარტყეს, გალახეს და გაიქცნენ.

შემდეგ იყო „იმედი“. ბრძანება იყო, თუმცა რატომ, რისთვის, ვერ ვხვდებოდით. „იმედი“ სად იყო, არ ვიცოდი, ცოტა დაგვაგვიანდა კიდეც, ძებნა მოგვიწია. იქ დაგვხვდა პოლიცია. მეორე სართულზე დერეფანში ყველა ჟურნალისტი ძირს იყო. ქვედანაყოფი ვერ ვიცანი, ალბათ საფინანსო პოლიციიდან იყო ბიჭი, ვინც ყარაულობდა. ეგეთი რაღაც არ წარმომედგინა, რა ხდება კონცლაგერია მეთქი. გამოვუშვი ის ბიჭი, ვინც ყარაულობდა. წამოვაყენეთ ჟურნალისტები. ცნობადი სახეების გარდა იქ იყვნენ პრაქტიკანტებიც. შეშინებულები იყვნენ ძალიან. დათაც იქ იყო, კოდუა თავისი ბიჭებით იქ იყო სოდ-ის ამბავში“,- განაცხადა მოწმემ.

2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედში“ უკანონოდ შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) ყოფილ უფროსს ერეკლე კოდუას სამსახურეობრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება ედება ბრალად.

გამოძიების ინფორმაციით, 2007 წლის 7 ნოემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ მაუწყებლობის ეთერიდან გათიშვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფებთან ერთად, ტელევიზიის შენობაში სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის, იგივე სოდ-ის სპეცდანიშნულების რაზმი შეიჭრა, რომელსაც ადგილზე ამ დეპარტამენტის დირექტორი ხელმძღვანელობდა. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა დააზიანეს აპარატურა და ტელევიზიის ინვენტარი. ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს, შენობიდან გამოაძვეს და დაუშინეს რეზინის ტყვიები.

ტელეკომპანიის ძალისმიერი მეთოდებით დარბევის შედეგად, დაზარალებულად ცნობილია 13 პირი, მათ შორის უმრავლესობა არის „იმედის“ ჟურნალისტი. ტექნიკური საშუალებების და ინვენტარის განადგურების, დაზიანების, დაკარგვის, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით ტელევიზიის მატერიალურმა ზიანმა იმ პერიოდში შეადგინა 3 158 307 ლარი.

ერეკლე კოდუა ამჟამად ძებნილია და მას ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი. ის ასევე მსჯავრდებულია დეპუტატ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისილი. ასევე მსჯავრდებულია ე.წ „ავტომანქანების საქმეზე“ რომელზეც 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

7 ნოემბრის აქციის და “ტელეიმედის” დარბევის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკვე მიცემულები არიან – მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი. მათი საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.