ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმეზე ტელევიზიის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორი გიორგი თარგამაძე დაიკითხა.
როგორც გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, 2006 წლის თებერვალში სიტუაცია დაიძაბა, როდესაც „იმედის“ ჟურნალისტებმა სანდრო გირგვლიანის საქმეზე ჟურნალისტური გამოძიება აწარმოეს.
„გაჩნდა ბრალდებები ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენ ხელოვნურად ვძაბავდით სიტუაციას, რათა ტემპერატურა აგვეწია. დაძაბულობა გაგრძელდა და მათ უარი თქვეს გადაცემებში მონაწილეობაზე, პოლიტიკური ბოიკოტის ქვეშ აღმოჩდა „იმედი“. 2007 წლის აგვისტოს ბოლოს სიტუაციამ პიკს მიაღწია, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება აწარმოებდა მოლაპარაკებებს პატარკაციშვილთან „ტელეიმედის“ საკითხზე, მათ შორის სხვადასხვა შეთავაზებებით და ზეწოლის ხერხებით. 2007 წლის 7 ნოემბრის დილას მოხდა პარლამენტის წინ რამდენიმე პოლიტიკოსის დარბევა და ამან გამოიწვია სიტუაციის ხელახალი ესკალაცია. ეს მონაკვეთი მნიშვნელოვანია ტელე-იმედისთვისაც, რადგან იქ იგრძნობოდა შეურაცხმყოფელი ტონი და დამოკიდებულება ჩვენი თანამშრომლების მიმართ“, – განაცხადა თარგამაძემ.
მისივე თქმით, „იმედის“ მიკროფონით მყოფ ჟურნალისტებს მიზანმიმართულად დასდევდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და რამდენიმე მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.
„იმდენად დაიძაბა სიტუაცია, რომ გავეცი ბრძანება, მიკროფონებზე ლოგოები მოეხსნათ, რადგან ვერ ვახერხებდით მათ დაცვას, მიუხედავად იმისა, რომ მივმართეთ შსს-ს. არხის გადამცემი ხაზი დააზიანეს და პირდაპირ სიგნალს ვეღარ ვახორციელებდით. როგორც ყველა არხი, ჩვენც საგანგებო რეჟიმში ვიმყოფებოდით. საინფორმაციო გამოშვების მიმდინარეობის დროს ჩვენთან მოვიდნენ გადაცემის სტუმრები. მე ჩავედი ქვემოთ და უნდა მოვმზადებულიყავი ეთერისთვის. იმ მომენტში მესმის ყვირილი „შემოიჭრნენ“. ჩვენ ვერც კი წარმოგვედგინა, რომ ტელევიზიაზე სამხედრო შტურმი განხორციელდებოდა. გავიგე ყვირილი საგრიმიოროში, სააპარატოში ვთხოვე, რომ დაეკეტათ შიგნიდან კარები და პირველ სართულზე გავემართე. ქვემოთ, საიდანაც ჩანდა ნიუსრუმი მე პირისპირ შევეჩეხე სპეცრაზმელებს, თანამშრომლების ნაწილი იყო იატაკზე, ნაწილი კედელზე აყუდებული, ავტომატებით შეიარაღებული ჯგუფი და პირველი რაც გავაკეთე, ხელები ავწიე და ვკითხე, რისთვის ხართ შემოსული, რომ ავირიდოთ თავიდან ესკალაცია, ამაზე პასუხი არ იყო. შევტრიალდი და მეორეზე გავიქეცი. მათ ვერ გაიგეს საით წავედი და არ იცოდნენ, სად იყო საინფორმაციო სტუდია“, – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
ტელევიზიის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორი იხსენებს, როგორ შევიდა სტუდიაში და დაიწყო სიტყვის წარმოთქმა, რა დროსაც კარზე მძიმე საგნის დარტყმის ხმა გაიგო.
„შემომესმა ყვირილი სააპარატოში, რომ გათიშეთ ეთერი, მესმის ყვირილი, წივილი და რაღაც საგანზე დარტყმის ხმა. სტუდიის კარებზე მესმის დარტყმის ხმა და შემოდის სპეცრაზმის რამდენიმე თანამშრომელი, კამერას ატრიალებენ და ერთ-ერთი მომმართავს, რომ არავითარი ზედმეტი განცხადებები და ზედმეტი მოძრაობა. საეთეროდან გამოსვილის შემდეგ ვნახე, რომ კარები იყო შენგრეული“, – განაცხადა თარგამაძემ.
გიორგი თარგამაძემ დეტალურად გაიხსენა კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანთან ირაკლი კოდუასთან შეხვედრა და აღნიშნა, რომ შეხვედრას ესწრებოდა არხის ხელმძღვანელი ბიძინა ბარათაშვილიც.
„ჩამიყვანეს პირველ სართულზე და იქ პირველ სართულთან არის ვიწრო დერეფანი, სადაც მოხდა უშუალოდ ჩემი და ერაკლი კოდუას შეხვედრა. მივმართე, რომ რა ხდება და რისი მიღეწევა სურთ ამ ტიპის აგრესიული ქმედებებით, იმავე მომენტში გამოჩდა არხის ხელმძღვანელი ბიძინა ბარათაშვილი. ჩვენ ვუთხარით, რომ არხის სიგნალის შეწყვეტისთვის არ იყო საჭირო ძალისმიერი მოქმედება და ამის განხორციელება შეიძლებოდა ისე, რომ არავინ დაზიანებულიყო. მე იქიდან ამავე ჯგუფმა გამომიყვანა უკან და მას მერე კოდუა აღარ მინახავს. ამის შემდეგ დაიწყეს თანამშრომლების ევაკუაცია. მე ვიყავი გაურკვეველ მდგომარეობაში, ფაქტობრივად ვიყავი ტყვეობაში, მაგრამ ოფიციალურად ჩემთვის არც ბრალდება, არც განცხადება არ ქონდათ წაკითხული. უკვე ქვედა მხრიდან ხალხი იყო შეკრებილი. უშუალოდ არ შევსწრებივარ, მაგრამ ჩემი თანამშრომლები ყვებოდნენ, რომ ბევრ მათგანს, რომლებიც ლუბლიანას ქუჩის მხრიდან გაუშვეს, მოხვდათ ხელკეტები. მე იქ ვიდექი და ამ მომენტში გამოჩნდა ერთი პირი, რომელმაც მითხრა, მოიცადე ჩვენს ვარკვევთ თქვენს ბედს. შემდეგ მითხრეს, რომ უნდა დამეტოვებინა ტერიტორია. ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი ჩაგვიჯდა მანქანაში და გამოვედით ტელევიზიიდან“, – განაცხადა თარგამაძემ.
ერეკლე კოდუას ბრალდების მხარე ტელეკომპანია იმედში შეჭრისა და ტელევიზიის გათიშვის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებას ედავება ძალადობით და იარაღის გამოყენებით. ერეკლე კოდუაზე ამ დროისთვის პროკურატურას ძებნა აქვს გამოცხადებული.