დღეს, 28 ივნისის 17:00 საათიდან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ტელეკომპანია „იმედის“ გვერდზე საჯაროდ წვდომა შეზღუდულია, გვერდი ხელმისაწვდომია მხოლოდ მისი „ადმინებისათვის“. საყურადღებოა, რომ არანაირი გაფრთხილება აღნიშნულის შესახებ გვერდს არ მიუღია, – ამის შესახებ „იმედის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „იმედმა“ ოფიციალური წერილით მიმართა ტექნოლოგიურ კომპანია „მეტას“.
„კომპანიის ადმინისტრაციაში ამ დრომდე ვერ გვპასუხობენ კითხვაზე, რატომ აღარ არის ხელმისაწვდომი „იმედის“ ოფიციალური გვერდი. ჩვენ განგვიმარტეს, რომ „ტელეიმედის“ მოთხოვნა გადაცემულია სპეციალური ჯგუფისთვის, რომელიც კომპანიაში მსგავს საკითხებს სწავლობს და ვარაუდობენ, რომ პრობლემის აღმოფხვრა უახლოეს პერიოდში მოხერხდება. ჩვენი ფეისბუქგვერდის აღდგენამდე ახალ ამბებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ „იმედის“ ვებგვერდზე – imedi.ge, imedinews.ge და „იმედის“ იუთუბ არხზე. სოციალურ ქსელებში გამოჩნდა არაერთი გვერდი, რომელიც „ფეისბუქზე“ ბოლო საათების განმავლობაში მაუწყებლობს „იმედის“ სახელით. არცერთ მათგანს არანაირი შეხება „იმედთან“ არ აქვს და ყველა მათგანი არის ყალბი, ე.წ. ფეიკგვერდი“, – ნათქვამია განაცხადებაში.