თელავის რეფერალურ საავადმყოფოს გასული დღე-ღამის განმავლობაში პიროტექნიკით დაშავებულმა ორმა ადამიანმა მიმართა. საავადმყოფოს დირექტორი ხათუნა ჭონიაშვილი ამბობს, რომ პაციენტებს დაზიანებები ხელის მტევნებზე აღენიშნებოდათ და მიკროქირურგთან კონსულტაციას საჭიროებდნენ.
მისივე თქმით, ორივე მათგანი თბილისში გადაიყვანეს.
„ხელის მტევნების დაზიანებით ზრდასრული ასაკის ადამიანებმა მოგვმართეს. გუშინ ღამიდან მოყოლებული ამ დრომდე მხოლოდ ორი შემთხვევა იყო. შემოვიდნენ პიროტექნიკით დაშავებული ქალი და მამაკაცი. ქალს უფრო მეტად ჰქონდა მტევანი დაზიანებული. ორივე მათგანი საჭიროებდა მიკროქირურგთან კონსულტაციას და მათი თბილისში გაგზავნა გახდა საჭირო. დაზიანებები საკმაოდ სერიოზული იყო და მიკროქირურგის დროული ჩარევა რომ არ მომხდარიყო, შესაძლოა, ამპუტაციის საჭიროება დამდგარიყო“- განაცხადა თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა.