თელავში, ხანძრის ორ კერაზე მეხანძრეები სამუშაოებს დილიდან განაახლებენ
მეორე დღეა, ტყის ხანძარს ებრძვიან თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლებში. ცეცხლის ლიკვიდაციას ძლიერი ქარი აფერხებს. ცეცხლის კერა რთულ რელიეფზეა და შესაბამისი ტექნიკა ადგილამდე მისვლას ვერ ახერხებს, რის გამოც მეხანძრე-მაშველები ტერიტორიას ცეცხლმაქრებით ამუშავებენ.
„მეხანძრე-მაშველებს ჩვენი დახმარება თუ დასჭირდებათ, მზად ვართ, ჩავერთოთ ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში, როგორც ფიზიკურად, ასევე შესაბამისი ტექნიკით“, – განაცხადა თელავის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.
ხანძარია სოფელ იყალთოს ტყეშიც. იქ ცეცხლი დღის მეორე ნახევარში გავრცელდა. ამ შემთხვევაშიც, ხანძრის ლოკალიზებას ქარი და რთული რელიეფი აფერხებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ორივე კერაზე ხანძრის ქრობის პროცესი დილიდან განახლდება.