თელავში 40 წლამდე მამაკაცს თავის არეში ჭრილობა სავარაუდოდ ნაჯახით მიაყენეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში, ურთიერთშელაპარაკების დროს 40 წლამდე მამაკაცი დაშავდა. მას თავის არეში ჭრილობები სავარაუდოდ ნაჯახით აქვს მიყენებული.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მეზობელ სოფელში მეგობართან სტუმრად მყოფ მამაკაცებს შორის ჯერ სიტყვიერი, ხოლო მოგვიანებით ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.