თელავის რაიონულ სასამართლოში ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა
თელავის რაიონულ სასამართლოში ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა.
სასამართლო სხდომას ესწრებოდა ორივე დაკავებული, 85 წლის ომარ გამყრელიძე და მისი შვილიშვილი.
პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი გამოიკვლიეს, დაიკითხა კახეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის სამი თანამშრომელი.
მოწმეებს საქმის ირგვლივ კითხვები დაუსვეს ბრალდებისა და დაცვის მხარემ.
საქმის ექსპერტებთან კითხვები ჰქონდათ თავად ბრალდებულებსაც. 85 წლის ომარ გამყრელიძე დაინტერესდა, საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაში საექსპერტო ნიმუშის აღების დროს, ექსპერტმა სხეულზე ძალადობის კვალი შეამჩნია თუ არა, თუმცა ექსპერტმა ფაქტი ვერ გაიხსენა.
მომდევნო სასამართლო სხდომა 2 სექტემბერს 16:00 საათზე გაიმართება.
ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა. შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძემ ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი დაჭრა. 85 წლის მამაკაცი პოლიციამ დააკავა. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოგვიანებით, შსს-მ ამავე საქმეზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, სოფელ ყანდაურაში სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა, შემთხვევის ადგილიდან მხოლოდ ერთია ამოღებული.
მოგვიანებით ომარ გამყრელიძეს ბრალი დაუზუსტდა და როგორც ადვოკატმა განმარტა, ამჟამად მას არა მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავებიან.
სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულთა საქმეები 14 აგვისტოს გაერთიანდა.