თეიმურაზ მეფის პორტრეტი ხელოვნების სასახლეში დღეს გამოიფინება [ფოტო]
თეიმურაზ მეფის პორტრეტი ხელოვნების სასახლეში დღეს გამოიფინება [ფოტო]

თეიმურაზ მეფის პორტრეტი, რომელიც სამშობლოში 257 წლის შემდეგ დაბრუნდა, რამდენიმე საათში ხელოვნების სასახლეში გამოიფინება. თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში დილიდან საგანგებო მზადებაა. სტუმრების მისაღებად გაიშალა წითელი ხალიჩა და სასახლე ყვავილებით არის მორთული

ორი დღის განმავლობაში მუზეუმის კარი ღია იქნება ყველა დამთვალიერებლისთვის და მეფე თეიმურაზ მეორის პორტრეტის ნახვა ყველა მსურველს უფასოდ შეეძლება. სამეფო საგანძურის დაბრუნებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხელოვნების სასახლეში 24 ოქტომბერს, 17:30 საათზე გაიმართება.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ მნიშვნელობისა და ღირებულების სამეფო საგანძური დღემდე არ დაბრუნებულა. თეიმურაზ მეფის პორტრეტი ბაგრატიონთა სამეფო ოჯახისა და კოლექციის შემადგენელი ნაწილია. პორტრეტის საქართველოში დაბრუნება ბიძინა ივანიშვილის დახმარებით მოხდა.

ხელოვნების სასახლის ექსპერტებმა პორტრეტის შესასყიდად 1Stdibs გალერეასთან დაიწყეს მოლაპარაკება. ხელოვნების მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია დაუკავშირდა ფონდ „ქართუს“, რომელმაც სრული – ფინანსური და ორგანიზაციული დახმარება გასწია ნახატის შესაძენად. რამდენიმედღიანი მოლაპარაკების შემდეგ, საბოლოოდ, უნიკალური პორტრეტი „ქართუ ფონდმა“ 38 400 აშშ დოლარად შეისყიდა და ხელოვნების მუზეუმს გადასცა.