თეატრის რეჟისორები თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში დაზუსტების შეტანას ითხოვენ
თეატრის რეჟისორები თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში დაზუსტების შეტანას ითხოვენ

თეატრის რეჟისორები თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში დაზუსტების შეტანას ითხოვენ. როგორც პირველ არხს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დიმიტრი ღვთისიაშვილმა განუცხადა, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში არ არის ჩანაწერი, რომელიც შემოქმედებითი ჩანაფიქრის ნაწილს ეხება და ამ შემთხვევაში არ უწესებს რეჟისორებს აკრძალვას სპექტაკლში სიგარეტის გამოყენებაზე.

„კანონში ასეთი ჩანაწერის არარსებობა მოულოდნელი იყო, რადგან როცა ამ ყველაფერს კანონპროექტის სახე ჰქონდა, იქ შემოქმედებითი ნაწილი დაზღვეული იყო, როგორც თეატრალური წარმოდგენის, ისე კინოსი.

კანონის ამოქმედებისას ჩვენ აღარ მივადევნეთ თვალი დამტკიცებას. დარწმუნებული ვიყავით იმაში, რომ პროექტში რადგან ეს იდო, მაცნეშიც ასე გამოქვეყნდებოდა.

ის ჩანაწერი უკვე ამოღებულია. იცით რაშია საქმე? ამით ჯერ ერთი ვაღარიბებთ ძალიან დიდ დრამატურგიას და პრაქტიკულად, უარი უნდა ვთქვათ ამის დადგმაზე და მერე უკვე არსებულს, სცენაზე რეპერტუარში მყოფი სპექტაკლებიდან ძალიან ბევრს პრობლემა ექმნება.

ევროპის ძალიან ბევრი თეატრების სპექტაკლები ვნახე, სადაც სცენაზე ეწევიან და ეს პრობლემას არ ქმნის, მაშინ როცა ქვეყანაში პრაქტიკულად არსად არ შეიძლება მოწევა. ეს არის შემოქმედებითი პროცესის ნაწილი. პირველივე დღეს, როცა მე კანონპროექტს გავეცანი, ეს ეწერა“,- განაცხადა დიმიტრი ღვთისიაშვილმა.

აღნიშნულს ტექნიკურ ხარვეზს უწოდებს უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია. როგორც დეპუტატი ამბობს, ამ ხარვეზის გამოსწორება აუცილებელია.

„კანონის ავტორებთან ერთად ამ ხარვეზის გამოსწორების ინიციატორი ვიქნები და უახლოეს მომავალში ეს შესწორება შევა, ეს მხოლოდ ტექნიკურად გაიპარა“,- განაცხადა ქანთარიამ.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, დეპუტატი აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ტელევიზორში, კინოსა და თეატრში მოწევის დემონსტრირება თამბაქოს მოხმარების ირიბი რეკლამაა, კანონის იდეა კი მოწევის, როგორც სოციალურად მიუღებელი ქცევის დამკვიდრებაა.

კანონმდებელი გამონაკლისის დაშვება არ ეთანხმება, თუმცა კონსულტაციებისა და არგუმენტების მოსასმენად მზადაა.

„გასაგებია, რომ კულტურაშია შემოსული, გასაგებია რომ პრობლემაა, მაგრამ ეს სიგარეტის სოციალურად მიუღებლობას ირიბად ხელს შეუწყობს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ ამ საკითხზე“,- განაცხადა ზოიძემ.

საქართველოში თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვები და წესის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები პირველი მაისიდან ამოქმედდა.