გიორგი კვირიკაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, გაგებით მოეკიდონ თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალ კანონს  
გიორგი კვირიკაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, გაგებით მოეკიდონ თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალ კანონს  

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, გაგებით მოეკიდონ თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალ კანონს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, ეფექტურად განახორციელოს კანონის აღსრულებაზე კონტროლი.

აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით, კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყანა ხდება.

„პირველი მაისიდან ამოქმედდა თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც საქართველო რეგიონში მართლაც ხდება მოწინავე ქვეყანა ამ თვალსაზრისით. მსოფლიო დონესთან შედარებით, სადაც თამბაქოდან გამოწვეული სიკვდილიანობა 10%-ია, საქართვლოში ეს მაჩვენებელი არის 22%.  ეს არის კატასტროფული მდგომარეობა, ამიტომ, მე მოვუწოდებ მოქალაქეებს და ვთხოვ ასევე, რომ გაგებით მოეკიდონ ამ კანონს. ჩვენ უნდა დავიცვათ თამბაქოს კვამლიდან ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით ბავშვები“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, დადგენილია ემპირიულად მსოფლიოში, რომ ასეთი კანონის მოქმედება მკვეთრად ამცირებს თამბაქოს მოხმარებას.

„ამიტომ მე მოგიწოდებთ ყველას, გაგებით მოვეკიდოთ, განსაკუთრებით იმ ბიზნეს სუბიექტებს, რომლებსაც ასევე  ეხებათ ეს და რა თქმა უნდა, მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ეფექტურად განახორციელოს ამ კანონზე კონტროლი, მაგრამ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშიც იყო ნათქვამი, მოქალაქეებთან თანამშრომლობა და მოქალაქეების მხრიდან გაგება ამ პრობლემის, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მისი ეფექტურობისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.