თეა წულუკიანი - ყველა თეატრი თავად წყვეტს, რომელ საერთაშორისო ფესტივალზე წავიდეს, კულტურის სამინისტროში ცენზურა არ არსებობს
თეა წულუკიანი - ყველა თეატრი თავად წყვეტს, რომელ საერთაშორისო ფესტივალზე წავიდეს, კულტურის სამინისტროში ცენზურა არ არსებობს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ყველა თეატრი და სამხატვრო ხელმძღვანელი თავისუფალია გადაწყვეტილებაში, რომელ საერთაშორისო ფესტივალზე წავიდეს.

ამის შესახებ თეა წულუკიანმა რუსთაველის თეატრის რუსეთში, ჩეხოვის ფესტივალთან დაკავშირებით გამგზავრებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, კულტურის სამინისტროში ცენზურა არ არსებობს.

„კულტურის მინისტრად როცა ვინიშნებოდი, იყვნენ ტელევიზიები, ფლაგმანები, თითს მიქნევდნენ, ე, მანდ არ ჩაერიო, შემოქმედი ხალხის საქმიანობაშიო, შესაბამისად, გეტყვით, რომ ე, მანდ მე არ ვერევი თეატრების საქმიანობაში და ყველა თეატრი თავად წყვეტს, რომელ საერთაშორისო ფესტივალზე წავიდეს გასტროლით. ამას ჰქვია შემოქმედებითი თავისუფლება. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, საქმე უნდა გვქონდეს იმ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან, რომლის გამართვის ადგილი არის სწორედ რუსეთის ფედერაცია. ამ გადაწყვეტილებაში ყველა თეატრი და სამხატვრო ხელმძღვანელი თავისუფალია. კულტურის სამინისტროში ცენზურა არ არსებობს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.