საქსტატი - 2022 წელს ქვეყანაში როგორც თეატრების, ისე მუზეუმების დატვირთულობა გაიზარდა
საქსტატი - 2022 წელს ქვეყანაში როგორც თეატრების, ისე მუზეუმების დატვირთულობა გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გასული წლის კულტურის სტატისტიკის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2022 წელს საქართველოში მოქმედი თეატრების დატვირთულობა გაზრდილია.

საქსტატის ცნობით, გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში 52 პროფესიული თეატრი ფუნქციონირებდა, აქედან ორი ერთეული იყო ოპერისა და ბალეტის, 41 – დრამის, მუსიკალური კომედიისა და მინიატურების, ორი – ბავშვთა და მოზარდ მაყურებელთა, ხოლო შვიდი – თოჯინების თეატრი. თეატრების უმრავლესობა – 51.9 პროცენტი თბილისში, 15.4 პროცენტი – იმერეთში, ხოლო დარჩენილი 32.7 პროცენტი სხვა რეგიონებში ფუნქციონირებდა.

ამასთან, უწყების სტატისტიკური მონაცემებით, 2022 წელს ქვეყანაში 4 000 ღონისძიება ჩატარდა, აქედან – 256 გასვლითი (ქალაქის გარეთ) იყო. ქართულმა თეატრალურმა დასებმა საზღვარგარეთ ამ პერიოდის განმავლობაში 79 ღონისძიება გამართეს, რომლებშიც 920 პირი მონაწილეობდა.

2022 წელს ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 112.3 პროცენტითაა გაზრდილი და 3 794 ერთეული შეადგინა. აღსანიშნია, რომ სპექტაკლების ნახევარზე მეტი, რაც 63.7 პროცენტს შეადგენს, დედაქალაქში გაიმართა.

საქსტატის ინფორმაციით, ამავე პერიოდში ღონისძიებებზე დამსწრე მაყურებელთა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, სამჯერ გაიზარდა და 547 ათასი შეადგინა. მაყურებელთა დასწრების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა თბილისი – 64.8 პროცენტით, ხოლო მეორე ადგილს 10 პროცენტით იმერეთი იკავებდა.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში 252 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი ფუნქციონირებდა, საიდანაც 98 ერთეული წარმოადგენს მემორიალურ მუზეუმს, 71 ერთეული – ისტორიულს (მხარეთმცოდნეობის), 24 ერთეული – ხელოვნების, 13 ერთეული – მუზეუმ-ნაკრძალს, ორი ერთეული – ლიტერატურულს, ხოლო 44 სხვა სახის მუზეუმს.

გასულ წელს ყველაზე მეტი მუზეუმი ფუნქციონირებდა თბილისში (23.0 პროცენტი). ამ მაჩვენებლით მეორე და მესამე ადგილებზე იმერეთის (15.9 პროცენტი) და კახეთის (13.5 პროცენტი) რეგიონებია.

2022 წელს მუზეუმებში დამთვალიერებელთა რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით, 109.2 პროცენტით გაიზარდა და 1 688.2 ათასი კაცი შეადგინა. საშუალოდ ერთ მუზეუმზე 6.7 ათასი დამთვალიერებელი მოდის.

რაც შეეხება მუზეუმებში ექსკურსიების რაოდენობას, ეს მაჩვენებელი 95.0 პროცენტით გაიზარდა და 39 110 ერთეული შეადგინა, ხოლო გამოფენათა რაოდენობა – 59.0 პროცენტით გაიზარდა და 854 ერთეული იყო.