თეა წულუკიანი - საქართველო მსოფლიო ბანკის რეიტინგში დაწინაურდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ხელისუფლების ეფექტიანობისა და რეგულირების ხარისხის მიმართულებით
თეა წულუკიანი - საქართველო მსოფლიო ბანკის რეიტინგში დაწინაურდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ხელისუფლების ეფექტიანობისა და რეგულირების ხარისხის მიმართულებით

მსოფლიო ბანკის ახალი კვლევის მონაცემებით, საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ხელისუფლების ეფექტიანობისა და რეგულირების ხარისხის მიმართულებით ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებლები აქვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კვლევა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ მსოფლიოს 214 და მსოფლიო ბანკის წევრ 186 სახელმწიფოს ექვსი ძირითადი მიმართულებით აფასებს, საიდანაც საქართველომ სამი ინდიკატორით ისტორიულად საუკეთესო მონაცემი აჩვენა.

„საქართველომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით 100-პროცენტიანი სკალიდან 76.4 პროცენტი მიიღო, ევროპის საუკეთესო ოცეულში პოზიცია ერთი ადგილით კიდევ გაიუმჯობესა და მე-18 ადგილი დაიკავა. აღნიშნული სარეიტინგო პოზიცია საქართველოსათვის ისტორიულად საუკეთესო შედეგია. რეიტინგში საქართველო უფრო წინაა, ვიდრე ევროკავშირის წევრი 14 სახელმწიფო − ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, მალტა, ჩეხეთი, ლატვია, ლიეტუვა, სლოვაკეთი, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, კვიპროსი, საბერძნეთი და ბულგარეთი. კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველო ლიდერია რეგიონში, პოსტსსაბჭოთა სივრცეში კი, მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება;

ისტორიულად საუკეთესო შედეგი აქვს საქართველოს ხელისუფლების ეფექტიანობის ინდიკატორში, სადაც ფასდება სახელმწიფო სერვისების ეფექტურობა, საჯარო სამსახურის ხარისხი და პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ამ ინდიკატორში საქართველომ რანგირების 100%-იანი სკალიდან 74.04% დაიმსახურა და უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე ევროკავშირი წევრმა 6 ქვეყანამ, ესენია: უნგრეთი, იტალია, ხორვატია, საბერძნეთი, ბულგარეთი და რუმინეთი;

კიდევ ერთი საუკეთესო შედეგი საქართველომ „რეგულირების ხარისხის“ მაჩვენებელში მიიღო, სადაც ფასდება სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორის განვითარებისათვის განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობა. რანგირების 100-პროცენტიანი სკალიდან ქვეყანამ 83.17 პროცენტი მიიღო. საქართველო ლიდერია რეგიონში და მსოფლიო ბანკის წევრ 186 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია მე-19 პოზიციაზე“, – აღნიშნავენ იუსტიციის სამინისტროში.

უწყების ცნობით, წინსვლა დაფიქსირდა კანონის უზენაესობის ინდიკატორშიც, რომელიც მთავრობის მოქმედებების კანონთან შესაბამისობას და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას განსაზღვრავს. რანგირების 100 პროცენტიანი სკალიდან საქართველომ 63.94 პროცენტი მიიღო. ამ მონაცემით უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე ევროკავშირის ხუთი და ნატო-ს წევრ ევა სახელმწიფოს. კანონის უზენაესობის რეიტინგის მხრივ საქართველოს უკეთესი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე იტალიას, საბერძნეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, ხორვატიას. საქართველო ბალტიის ქვეყნების შემდეგ ლიდერია პოსტსაბჭოთა სივრცეში.

მსოფლიო ბანკის კვლევა − მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) − წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა − ჯამში 33 გლობალურ რეიტინგსა და შეფასებას (მათ შორის: Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ.). აღნიშნული მონაცემები, თავის მხრივ, ეყრდნობა კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს 214 და მსოფლიო ბანკის წევრი 186 სახელმწიფო ფასდება“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.