თეა წულუკიანი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უნდა აჩვენოს, რომ გამოძიება მაქსიმალური ხარისხის სანდოობით იქნება აღჭურვილი საზოგადოების მხრიდან
გამომძიებელი თავად არის პატიმრობაში და ეს ალბათ მოწმობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწრაფად იძიებს საქმეს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
„გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ ამუშავდა და ესეც იყო ამ მთავრობის ერთ-ერთი ძალიან დიდი და რეზონანსული რეფორმა. ეს სამსახური პირველად იძიებს ასეთ მნიშვნელოვან საქმეს და ეს მათთვისაც გამოწვევაა. მათ უნდა აჩვენონ, რომ გამოძიება მაქსიმალური ხარისხის სანდოობით იქნება აღჭურვილი საზოგადოების მხრიდან“, – განაცხადა წულუკიანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ეფექტური გზები არსებობს იმისთვის, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებში არსებულ პრობლემებს არ წავაწყდეთ არა მხოლოდ არასრულწლოვანთა ნაწილში, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ რამდენიმე გზა არსებობს და მიზნის მისაღწევად ყველა ამ გზის გამოყენებაა საჭირო.
„პირველი გზა და ტრაგიკული გზა სწორედ გამოძიებაზე გადის, რადგან როდესაც ასეთი ტრაგიკული შემთხვევა ხდება, გამოძიების ერთადერთი მიზანი ის არ არის, დამნაშავე იპოვოს, თუ ასეთი არსებობს და ციხეში ჩასვას. გამოძიების მთავარი მიზანია, ისეთი შედეგი დაიდოს, რომელსაც სხვა შესაძლო შემთხვევებისთვის გადამარწმუნებელი ეფექტი ექნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე გზა ისაა, რომ ბოლო ოთხი წლის მანძილზე, მას შემდეგ, რაც მართლმსაჯულების კოდექსი მივიღეთ, არა ერთმა პოლიციელმა და პროკურორმა გაიარა გადამზადების კურსი და დღეს, ამ კოდექსით აკრძალული გვაქვს, ბავშვი, მოწმე, დაზარალებული ან ბრალდებული იმან დაკითხოს, ვისაც ამგვარი გადამზადება გავლილი არ აქვს“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, ფაქტია, რაკი მოცემული გამომძიებელი არასრულწლოვანის დაკითხვას აწარმოებდა, მას გავლილი ჰქონდა გადამზადება და თუ ეს და სხვა შემთხვევები არსებობს, ამაზე ძალიან დიდ სამუშაოს ეწევა გიორგი გახარიას მინისტრობის დროს შსს-ში შექმნილი ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სამსახური, რომელიც იმ თანამშრომლების იდენტიფიკაციას ახდენს, ვისაც მომზადება თავიდან სჭირდება.
„რა თქმა უნდა, ეს ვერ გამოასწორებს იმ ტრაგიკულ შედეგს, რაც დადგა, მაგრამ მნიშვნელოვანია, მიღებულ და გაგრძელებულ იქნას ზომები, რაც დაინერგა, რათა მომავალში, ამგვარი შემთხვევების რისკიც კი მინიმუმამდე დავიდეს“, – განაცხადა წულუკიანმა.
შეკითხვაზე, არის თუ არა ხშირ შემთხვევაში რეაქცია არაადეკვატური, რაც შესაძლოა, ამგვარი შემთხვევების ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი იყოს, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მთავრობის ინიციატივით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწორედ ამისთვის შეიქმნა, რათა ასეთი კითხვები აღარ გაჩნდეს.
„ეს რეფორმა რომ არ ჩატარებულიყო, დღეს ამ კონკრეტულ საქმეს სავარაუდოდ, კვლავ პოლიცია გამოიძიებდა, მაგრამ უფრო მეტი ალბათობით პროკურატურა. საქმე ავტომატურად გადაიგზავნებოდა პროკურატურაში და კიდევ დიდი კითხვის ნიშანი იქნებოდა, რომ თავისივე საქმე თვითონ როგორ უნდა გამოიძიონ. როგორც ჩანს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწრაფად იძიებს ამ საქმეს. სისწრაფე სანდოობის ერთ-ერთი წინაპირობაა და იმის წინაპირობა, რომ არა დღეს და ხვალ, მაგრამ უახლოეს მომავალში თქვენ და საქართველოს სხვა მოქალაქეები ამგვარ ლეგიტიმურ კითხვას აღარ დასვამთ. ძალიან ვწუხვარ, რომ მათ მუშაობის დაწყებიდან ექვსი კვირის თავზე მოუწიათ ასეთი ტრაგიკული შემთხვევის გამოძიება, მაგრამ მათთვის ეს ტესტია“,- განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა გარდაცვლილი არასრულწლოვანის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა.
12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. ადვოკატის განცხადება კატეგორიულად უარყვეს შსს-ში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.