თეა წულუკიანი - რამდენიმე მუზეუმში დავასრულეთ ინვენტარიზაციის პროცესი, რომლის შედეგებიც გვაჩვენებს, რომ დაკარგულად ითვლება 2 640 ექსპონატი
თეა წულუკიანი - რამდენიმე მუზეუმში დავასრულეთ ინვენტარიზაციის პროცესი, რომლის შედეგებიც გვაჩვენებს, რომ დაკარგულად ითვლება 2 640 ექსპონატი

რამდენიმე მუზეუმში დავასრულეთ ინვენტარიზაციის პროცესი, რომლის შედეგებიც გვაჩვენებს, რომ დაკარგულად ითვლება 2 640 ექსპონატი, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, კულტურის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას დაასახელა ექსპონატების ნაწილი, რომელიც მისი თქმით, დაკარგულია. წულუკიანის განცხადებით, მათ შორის ექსპონატები დაკარგულია ქანდაკებისა და კერამიკის ფონდიდან.

„ჩვენ ეროვნული მუზეუმის არაერთ მნიშვნელოვან მუზეუმში დავასრულეთ ინვენტარიზაციის პროცესი. გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეასა და სიღნაღის ​ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინვენტარიზაციის შედეგები გვაჩვენებს, რომ დაკარგულად ითვლება 2 640 ექსპონატი. ეს არის ფაქტი. შესაბამისად, ეს არის არაპირდაპირი პასუხი, მაგრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ალბათ დიდი სიამოვნებაც მექნება, ამაზე უფრო ვრცლად ვისაუბრო, რატომ არის ზოგიერთი თანამშრომელი დღეს „ყოფილის“ სტატუსით. ეს არის ერთ-ერთი ახსნა. როდესაც შენ გაბარია ექსპონატი და ამას ვერ უვლი, როცა ამ ექსპონატს არ აქვს პასპორტი, როდესაც შენ 90-იანი წლებიდან, 2010 წლიდან გაგზავნილი გაქვს უცხოეთში ფერწერული ტილო და არ ინტერესდები, სად არის ის, რასაკვირველია, ასეთი ადამიანი ფონდში ვეღარ იმუშავებს. საზოგადოებას ალბათ დააინტერესებს, რა ექსპონატებია. რასაკვირველია, ვერ ჩამოვთვლი ყველა ექსპონატს. ჩვენ დაპირებული ვართ და ამას გავაკეთებთ, რომ დაინტერესებული პირებისთვის ჯერ სია გამოვაქვეყნოთ და შემდეგ თუ გნებავთ, ვიმსჯელოთ.

ვსაუბრობ გამქრალ ექსპონატებზე, მაგალითისთვის რამდენიმე ექსპონატს ჩამოვთვლი: გიგო გაბაშვილის „სასულიერო პირი“; ელენე ახვლედიანის „ბრძოლის შემდეგ“; მოსე თოიძის „ტყეში“; გიგო გაბაშვილის „ხალიანი მამაკაცი“ და „ხევსურების დღეობაზე – ალავერდობა“; შალვა ქიქოძის „პარიზის ეტიუდი“; ირაკლი გამრეკელის „მე და ცირკი“; აპოლონ ქუთათელაძის „შესვენება, „ბალერინა“; „უხვი მოსავალი“ და „შემოდგომა გურიაში“; ზურაბ ნიჟარაძის „ივდითი“, „გოგონა თუთიყუშით“ და „აკრობატები“; ბორის ფოგელის „სამხრეთის პეიზაჟი“.

ქანდაკებისა და კერამიკის ფონდიდან დაკარგულად ითვლება: ნიკოლოზ კანდელაკის „ხორავას პორტრეტი“; „ჯანელიძის ბიუსტი“, „ტოლბუხინის პორტრეტი“, ანჟელიკა კაუფმანის „პრუსიის დედოფალ ლუიზას პორტრეტი“; ადრიან ფან ნიულანდის „მუსიკალური შეჯიბრი“; ჟან შარდენის „ნატურმორტი“; ანტონის ვან დეიკის „მხატვარ მომპერეს პორტრეტი“; აივაზოვსკის „სევასტოპოლის აღება“ და „თბილისის ხედი სეიდაბადიდან“; ვასილ პეროვის „ლიტონიობის ღამე“; აივაზოვსკის „მზის ჩასვლა“; რუბელიეს „ავტოპორტრეტი“; ალექსანდრე ბენუა „არხი ვენეციაში“; მალიავინის „ქალიშვილის პორტრეტი“, ლადო გუდიაშვილის „ავღანელი გოგონა“, „ბრძოლა ნაძალადევის ქუჩაზე“ და ასე შემდეგ. შემიძლია, უსასრულოდ გავაგრძელო. აი, ამიტომ, ის, ვინც ვერ იცავს, ვერ მუშაობს მუზეუმში.

ეთნოგრაფიული მუზეუმის ერთ-ერთ ფილიალში ადგილზე დახვედრილი ექსპონატების ცხრილში წერია ნული, არც ერთი ექსპონატი აღარ დაგვხვდა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეთნოგრაფიული მუზეუმის ოდა სახლები, მეჩეთები და სხვა ჩვენი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები უმძიმეს მდგომარეობაშია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.