თეა წულუკიანი - გამიხარდებოდა, თუ ახალგაზრდა ქალები შექმნიდნენ პარტიებს, ჩაებმებოდნენ ჩვენს ჯანსაღ კრიტიკაში და ერთ მშვენიერ დღეს ჩაგვანაცვლებდნენ, მაგრამ 5 ოქტომბერს ეს ვერ მოხდება
ჩვენი გუნდისთვის წარმატების მიღწევა არ არის მთავარი გამოწვევა, წარმატება იქნება და ყველა მუნიციპალიტეტში იქნება 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, – ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რა გეგმებით, პრიორიტეტებით, თუ მოლოდინით გადის „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებზე და რა რჩება მთავარ გამოწვევად მმართველი გუნდისთვის.
„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მთავარი ყურადღების საგანი არის ის, რომ დესტრუქციულმა ძალებმა რამე პროვოკაცია არ მოაწყონ, იმიტომ, რომ ამის იქით მათ სხვა რესურსი არ შერჩენიათ. მათ ტყუილებით მართეს საკუთარი ამომრჩეველი, ცრუ დაპირებები დაარიგეს ბევრი და ეს ყველა დაპირება მაინც მიდის იქამდე, რომ უნდა დაამხონ, ზოგი ამას მშვიდობიან დამხობას ეძახის, ზოგი ჩარეცხვას. ეს ჩარეცხვა კომისიის დასკვნაშიც არის, რომ ჩარეცხვით მოვიდნენ, ჩარეცხვაზე ფიქრობენ სულ და ესენი ვერ იცვლებიან რეალურად. ამიტომ, არ შეიძლება მათი პოლიტიკაში მობრუნება და რეალურად, სხვა რესურსი მე ვფიქრობ, აღარ დარჩათ, გარდა იმისა, რომ თვითონვე არ მოიფიქრონ ისეთი რამ, რაც იქნება მესამე პირებისთვის დამაზიანებელი. მართალია, ცოტანი შემორჩნენ, მაგრამ თითოეული მათგანი, მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ამიტომ, ყველა ის ახალგაზრდა, ვინც მათ გულშემატკივრობს, კარგად უნდა დააკვირდეს, რა ავანტიურაში აბამენ პოლიტიკოსები, იყვნენ ფრთხილად და სახელმწიფო ინსტიტუტებს, პირველ რიგში, ძალოვან სტრუქტურებს და პირველ რიგში, პოლიციას სცენ პატივი. სახელმწიფოს მხრიდან არ იქნება არც ერთი რამე ტიპის ძალისმიერი მეთოდი დათმენილი. ამიტომ, პასუხი იქნება ადეკვატური და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი მშვიდობიანად კალაპოტში წარიმართება 5 ოქტომბრის დილის შემდეგაც“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, მთავარ გამოწვევად მისთვის რჩება ჯანსაღი, პერსპექტიული და მომავალზე ორიენტირებული ოპოზიციის გაძლიერება ქვეყანაში.
„იმ ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების გაძლიერებას და კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას ვისურვებდი მე პირადად, რომლებიც ახლახან, მაგრამ უკვე ჩამოყალიბდა პარლამენტში, წარმატებებს ვუსურვებდი მათ და კიდევ ახალ-ახალი, ჯანსაღი გეგმების მქონე ახალგაზრდების ჩართულობით პოლიტიკური პარტიების შექმნას ვისურვებდი. უნდა ვაღიაროთ ალბათ, ხშირად და ხმამაღლა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ სწორედ ძლიერი, ჯანსაღი ოპონენტების და ოპონირების არსებობა არის მთავარი გამოწვევა. ალბათ, არ ვიქნებით მართლები, თუ არ ვიტყვით, რომ ეს ნამდვილად ასეა. ყველა პოლიტიკური პარტია იღლება და ცვდება ხელისუფლებაში ყოფნისას. მე ვერ გეტყვით ჩემ თავზე, რომ ძალიან დიდი ახალგაზრდული ენერგიით ვარ ამდენი წლის შემდეგ აღვსილი. ამიტომ, ძალიან გამიხარდებოდა და მესიამოვნებოდა, თუკი ახალგაზრდა ქალები შექმნიდნენ პარტიებს, ჩაებმებოდნენ ჩვენს ჯანსაღ კრიტიკაში და ერთ მშვენიერ დღეს ჩაგვანაცვლებდნენ. ეს ნამდვილად სასურველია და გამოწვევაა, მაგრამ 5 ოქტომბერს ეს ვერ მოხვდება. 5 ოქტომბერს ისევ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს მართვას, თან დემოკრატიული არჩევნების შედეგად, რადგან ეს წლები ოპოზიციამ გაფლანგა და დახარჯა უცხოეთში სიარულში ქართველ ამომრჩეველთან მუშაობის ნაცვლად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.