თეა წულუკიანი - პარლამენტის ეგიდით, პარლამენტში კომისიის დასკვნის საფუძველზე მუშაობს იურისტთა ჯგუფი, რომელიც ამზადებს შესაბამის დოკუმენტს სასამართლოში წარსადგენად
საგამოძიებო კომისია უკვე აღარ არსებობს, ექვსი თვე გავიდა და დასრულდა, ეს არ ხდება კომისიის ეგიდით, მაგრამ პარლამენტის ეგიდით, პარლამენტში კომისიის დასკვნის საფუძველზე მუშაობს იურისტთა ჯგუფი, რომელიც ამზადებს შესაბამის დოკუმენტს სასამართლოში წარსადგენად, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ეს დოკუმენტი ფაქტებზე დაფუძნებული იქნება, მაგრამ რაც მთავარია, ამ დასკვნას დაეფუძნება, რომ ეს პროცესი ახლა, რა მომენტშიც ჩვენ ვსაუბრობთ და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ებრძვიან არჩევნებში შედეგის დასადებად, ამ პროცესების პარალელურად მზადდება. როდესაც უკვე ეს მომზადდება, მაშინ დაიწყება სასამართლო პროცედურებიც. ამას თავისი ვადა აქვს, სავარაუდოდ, რამდენიმეთვიანი და მიზანი ვერ იქნება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვა, ვინაიდან ეს არაფრის მომტანი არ იქნება, მხოლოდ ეს ერთი. ეს მინიმუმია. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი სხვა პარტიაში გადავიდა, ან თავისი პარტია ჩამოაყალიბა და რა თქმა უნდა, მათაც შეეხებათ, ჩვენი სასამართლო პროცედურები მათაც მოიაზრებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დასკვნაში ფიგურირებს. თქვენ თუ მკითხავთ, ვინ ფიგურირებს ამ დასკვნაში, აქ ფიგურირებს, რა თქმა უნდა, მთავარი მიხეილ სააკაშვილი. იმიტომ, რომ ეს დასკვნა კარგად აჩვენებს ამას, რომ ის იყო და არის თავი და თავი ყველა იმ უბედურების, რაც ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს თავს დაატყდა. ასევე მისი ფიგურანტები, იქნებოდა ეს „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან წამოსული მინისტრი, დეპუტატი, თუ ვთქვათ, თუნდაც „თიბისი ბანკის“ მესვეური, რომელიც, როგორც ბიზნესის რეკეტის კონკრეტული თავი ფაქტებით აჩვენებს ამ დასკვნაში, სპეციალური სქემები არსებობდა ბიზნესის, საკუთრების ხელყოფის და ერთ-ერთი მთავარი სქემა იყო ხაზარაძესთან და ჯაფარიძესთან დაკავშირებული. ჩემი ნათქვამი რომ შევაჯამო, ეს არ იქნება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, ეს იქნება სხვა პარტიები, ან პირები, ვინც იმ დროს მონაწილეობდა რეჟიმის საქმიანობაში და კანონდარღვევებში, რომელიც უკვე 2012 წლიდან დღემდე აგრძელებს ქვეყნის დაზიანებას, ეს დასკვნაში კარგად არის ნაჩვენები, რომ მათი მიზანი არ შეცვლილა. მათი მიზანი არის საკუთარი კონკრეტული გეგმების განხორციელება და არა ქვეყნის განვითარება, მისი მშვიდობა და მომავალი. ეს არ არის მათი მიზანი. მათ აქვთ კონკრეტული გეგმები, რომელიც ქვეყნისთვის საზიანოა”, – განაცხადა წულუკიანმა.
ამ განცხადებით თეა წულუკიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ვინ შეიძლება, მოხვდეს ასაკრძალ პარტიებს შორის, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, რომელზეც არის საუბარი და არსებობენ თუ არა კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტები, ვისაც შესაძლებელია, აეკრძალოს სამომავლოდ პოლიტიკური საქმიანობა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორ ხედავს იმ პროცესს, რომლის მიმდინარეობისას კონკრეტული პირები კომისიაზე არ გამოცხადდნენ და იხდიან სასჯელს, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ კომისიის თავმჯდომარეობის, სხდომების წაყვანის პროცესში და მით უფრო, სხდომების დაგეგმვის დროს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის, დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის უფრო მეტად კომფორტულია ციხეში ყოფნა, ვიდრე გარეთ ყოფნა.
„იმიტომ, რომ გარეთ ყოფნა ნიშნავს პასუხისმგებლობებს, საკუთარ ამომრჩეველზე ზრუნვას და პასუხის გაცემას, თუ რატომ ვერ ემხრობა ამდენი ხანი „ქართული ოცნება“, ვინაიდან მათი დაპირება მხოლოდ ეს არის და მეტი არაფერი. შესაბამისად, როდესაც შენ შენს ამომრჩეველს უკვე მერამდენე წელია, ჰპირდები, რომ დღეს არა და ხვალ დაემხობა ხელისუფლება, ჩვენ კვლავ შევცვივდებით პარლამენტის მთავარ დარბაზში და ბაჩო ახალაია ირბენს იმ მაგიდაზე თავისი ბოტებით, ხელში თავმოწყვეტილი წითელი ვარდებით, სადაც ახლა ბატონი შალვა პაპუაშვილი ბრძანდება და დაარბევენ პარლამენტის მთავარ დარბაზს, როცა ეს არის შენი ერთადერთი დაპირება და ამას ვერ აღწევ, შემდეგ პასუხი უნდა გასცე და პასუხს როდესაც ვერ აძლევ, ჯობია, იჯდე სადღაც რუსთავში, წყნარად, მშვიდად და ამით აიცილო პასუხისმგებლობა. ეს, რა თქმა უნდა, ყველას აზრი შეიძლება, არ იყოს, ვისაც მოუწია კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისგება კანონის წინაშე, მაგრამ არაერთი მათგანის შემთხვევაში მე მგონი, ასე იყო, რომ უფრო კომფორტულია, იქ იყო, ამით წამებულის მანტიას მოისხამ, მორიგ ილუზიაში შეიყვან საკუთარ ამომრჩეველს და საზოგადოების იმ ძალიან პატარა ნაწილს, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ 5 ოქტომბრის დილას არჩევნების შედეგი კი არ იქნება მთავარი, არამედ რაღაც სხვა“, – განაცხადა წულუკიანმა.