თეა წულუკიანი - „ქართული ოცნების“ პირობებში, პარლამენტი არ არის ერთ აზრზე მყოფ ადამიანთა კრებული, ამ პირობებში მოსამართლეთა კენჭისყრის შედეგებს ვერ ვივარაუდებ
თეა წულუკიანი - „ქართული ოცნების“ პირობებში, პარლამენტი არ არის ერთ აზრზე მყოფ ადამიანთა კრებული, ამ პირობებში მოსამართლეთა კენჭისყრის შედეგებს ვერ ვივარაუდებ

უზენაესი სასამართლოს მოსამარლეთა შერჩევის ასეთი ღია და გამჭირვალე წესი ძნელად თუ მოიძებნება​, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, დღეს „ქართული ოცნების“ პირობებში პარლამენტი არ არის ერთ აზრზე მყოფი ადამიანთა კრებული, შესაბამისად ამ პირობებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კენჭისყრის შედეგებს წინასწარ ვერ ივარაუდებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ველოდებით პარლამენტის კენჭისყრას. სავარაუდოდ იმიტომ, რომ ჩვენმა პარლამენტმა ჩვენი პარტიის უმრავლესობის პირობებში ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ეს არ არის ერთ აზრზე მყოფი მუდმივა, ადამიანთა კრებული. ეს არის ინდივიდების ერთობა, რომელებიც თავისუფლად იღებს გადაწყვეტილებებს. არ არის ასეთ პირობებში გამორიცხული, რომ ზოგიერთმა კანდიდატმა მარტივად დააგროვოს უმრავლესობის და უმცირესობის მხრიდან საჭირო ხმები, ან შეიძლება საერთოდ ვერ დააგროვოს და ვერ გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. წინასწარ ვერ ვივარაუდებთ. რაც შეეხება შერჩევის წესს, ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მისაუბრია იუსტიციის მინისტრებთან, შედარებითი სამართლის დარგში დოკუმენტებიც წამიკითხავს და შემიძლია ვთქვა, რომ უზენაესი სასამართლოს ან უმაღლესი ინსტანციის მართლმსაჯულების ორგანოში მოსამარლეთა შერჩევის ასეთი ღია და გამჭირვალე წესი ძნელად თუ მოიძებნება. ამ ღიაობამ და გამჭვირვალობამ ხანდახან მოიტანა არა მხოლოდ პოზიტივი, არამედ ნეგატივიც, როცა ეს დაემსგავსა გარკვეულწილად სპექტაკლს. მაგრამ ეს ის ნეგატივია, რომელიც ნეგატივად ღირდა. მთავარია, რომ საქართველომ აჩვენა, კანდიდატები ღიად სცემდნენ კითხვებზე პასუხს. ეს ლაივში გადაიცემოდა მედიის დახმარებით და იურიდიულ საზოგადოებას ასევე სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება შეეფასებინათ კანდიდატები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, უზენაეს სასამართლოდან მოქალაქეები გადაწყვეტილებებს დიდი ხნის განმავლობაში ელოდებიან, რაც მოქალაქეთა მიერ სასამართლო სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სახელდება.

„უზენაეს სასამართლოდან მოქალაქეები გადაწყვეტილებებს ელოდებიან თვეობით, რომ რეალურად ამ სასამართლოში არსებობს მოსამართლეების დეფიციტი და „იფსოს ფრანსმა“ როდესაც ჩვენი თხოვნით ჩაატარა კვლევა საქართველოს მოქალაქეებმა ორი მთავარი პრობლემა დაასახელეს ქართულ მართლმსაჯულებაში. ეს არის ნელი ტემპი და სიძვირე. შესაბამისად, პირველივე გამოწვევას რომ უპასუხოს უზენაესმა სასამართლომ, პარლამენტმა უნდა აირჩიოს საკმარისი ოდენობის მოსამართლეები, რათა უზენაესმა სასამართლომ უფრო სწრაფად იმუშაოს. დარჩება ვაკანსიები თუ არა, ეს არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების გადასაწყვეტი, ეს არის დამოკიდებული კენჭისყრის შედეგებზე. რომლის შედეგიც წინასწარ არ ვიცით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა იურიდიულ კომიტეტში 12 დეკემბერს გაიმართება. მოსამართლეობის კანდიდატებს არჩევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს საშემოდგომო სესიაზე მოუსმინა. რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, პარლამენტს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს 19 კანდიდატზე, თუმცა კენჭს ზაზა თავაძესაც უყრიან. კენჭისყრა ჯერ კომიტეტში უნდა ჩატარდეს, შემდეგ კი, პლენარულ სხდომაზე.