თეა წულუკიანი - ხმაურიანმა განცხადებამ მამუკა ხაზარაძეს კიდევ მეტი არასერიოზულობა შესძინა
წერილთან დაკავშირებულმა განცხადებამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს მეტი არასერიოზულობა შესძინა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანის თქმით, ის აღნიშნულ განცხადებას ღიმილით შეხვდა და მოსამართლე გიორგი პაპუაშვილის განცხადებაც გაიხსენა იუსტიციის მინისტრის მუქარის შესახებ.
„ამ ხმაურიანმა განცხადებამ კიდევ მეტი არასერიოზულობა შესძინა, სამწუხაროდ, თავად ბატონ ხაზარაძეს, საქმეს, რომელსაც თითქოს და სათავისოდ იცავს. მე პირადად ამას, რა თქმა უნდა, პირველი განცხადების მომენტიდანვე ღიმილით შევხვდი, რადგან წარსულში მახსოვს პოლიტიზებული მოსამართლის, გიორგი პაპუაშვილის განცხადება, თითქოს, მას ვემუქრებოდი და შემდეგ აღმოჩნდა, რომ მის სახლთან მომუშავე, ასე ვთქვათ, მემწვანილე ემუქრებოდა. ეს გამახსენდა, გამეღიმა და მერე კიდევ უფრო გამეღიმა, როდესაც აღმოჩნდა, რომ არ აქვს წერილი, რაღაც ნაბეჭდი მოიტანა“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, განცხადებაზე რეაგირება საჭიროა, თუმცა განცხადების გაკეთებამდე ყველას ევალება, თავი სასაცილოდ არ აიგდონ.
„როდესაც განცხადება კეთდება საჭიროა შესწავლა, რეაგირება, მაგრამ, სანამ განცხადებას გავაკეთებთ, ყველას გვევალება, სასაცილოდ არ ავიგდოთ თავი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, არჩევნების წინ, მან ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მუქარის წერილი მიიღო. მისი თქმით, წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან იყო. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით ხაზარაძე გუშინ საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა. მისი თქმით, გამოკითხვაზე წერილის ასლი წარადგინა, ორიგინალი კი, ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.