მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ გამოკითხვაზე წერილის ასლი მიიტანა, ორიგინალი კი, ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი
მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ გამოკითხვაზე წერილის ასლი მიიტანა, ორიგინალი კი, ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ გამოკითხვაზე გამოძიებას წერილის ასლი გადასცა, ორიგინალი კი, ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.

„როგორც მოგეხსნებათ, ვიყავი გამოკითხვაზე, სადაც იყოფებოდნენ პროკურორები. მოსამართლის თანდასწრებით ჩატარდა გამოკითხვა. წერილის ასლი გადავეცი, ასევე გავაკეთე კომენტარები“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, მან არ უპასუხა კითხვას, რა ფორმით მიიღო წერილი, რომელზეც გუშინ პარლამენტში ისაუბრა და რა წერია კონკრეტულად მასში.

„წერილში რა წერია, ეს იყოს პროკურატურის კომპეტენცია, რამეთუ კარგად ატარებენ პრესკონფერენციებს. კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი. წერილის ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში ექსპერტიზაზე.

რისი თქმაც არ მინდა, ვერ მათქმევინებთ, ყველაფერი გითხარით. დანარჩენზე მიმართეთ პროკურატურას“, – განუცხადა ხაზარაძემ ჟურნალისტებს.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გუშინ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მუქარის წერილი მიიღო. მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან იყო. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით ხაზარაძე დღეს საქალაქო სასამართლოში გამოკითხეს.