მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მუქარის წერილი გიორგი გახარიასგან მიიღო
მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მუქარის წერილი გიორგი გახარიასგან მიიღო

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მუქარის წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო.

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ხაზარაძეს წერილთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ჩაეკითხა. „მინდა, უფრო დაწვრილებით ვიცოდე წერილის თაობაზე, რომელიც ახსენეთ. თქვენი გადასაწყვეტია დაასახელებთ თუ არა მაღალჩინოსნის გვარს, მაგრამ თუ შესაძლებელია, ამ წერილის შინაარსი მაინც ვიცოდეთ, რას ითხოვდნენ თქვენგან“, – ჰკითხა ნადირაშვილმა ხაზარაძეს.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის თქმით, წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან იყო.

„ჩვენ ნამდვილად არ ვართ პოლიტიკოსები და ნამდვილად არ ვაპირებთ რაღაც სენსაციებით და წერილების ფრიალს. ნამდვილად არ გვინდა, პოლიტიკურ დებატებში ჩავერიოთ, რადგან საკმაოდ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ და გვინდა, დაგვეხმაროთ, რომ ჩვენს გარშემო შეიქმნას სიმშვიდე და გავაგრძელოთ საქმიანობა, რასაც ვაკეთებდით. წერილი იყო შს მინისტრისგან მოწერილი, ბატონი გახარიასგან. მინდა, არ აღმოვჩნდე სიტუაციაში, რომ წერილებით დავიწყო სირბილი მედიისა და ჟურნალისტების წინაშე. ეს არის მუქარის წერილი, რაღაცის შესრულების საფასურად, რომელიც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მიიღო მუქარის წერილი, სადაც მათი რეპუტაციის დანგრევაზე იყო საუბარი.