თეა წულუკიანი - ჩემთვის რუსთაველზე ორდღიანი აქციები ეხებოდა არა ნარკოპოლიტიკას, არამედ საზოგადოებაში არსებულ რადიკალიზმს
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციები არა ნარკოპოლიტიკას, არამედ საზოგადოებაში არსებულ რადიკალიზმს ეხებოდა.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ყველანაირი რადიკალიზმი დამანგრეველია.
„ჩემთვის ეს ორდღიანი აქციები იყო სხვა რაღაცის შესახებ, ვიდრე ნარკოპოლიტიკა. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ეს აქციები ეხებოდა ჩვენს საზოგადოებაში არსებულ რადიკალიზმს და ვფიქრობ, რომ რადიკალიზმი, იქნება ეს ლიბერალიზმის თუ კონსერვატიზმის მიმართულებით, პატარა და ოკუპირებული ქვეყანაში არის დამანგრეველი“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, საქართველოს არც ერთი მიმართულებით რადიკალიზმი არ წაადგება.
„შესაბამისად, სანამ სხვა სამუშაო ჯგუფებს შევქმნით და ვიმუშავებთ, ალბათ, ერთი დიდი სამუშაო ჯგუფი უნდა შევქმნათ, სადაც ოთხი მილიონი ქართველი გავწევრიანდებით იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ გავმთლიანდეთ, რადგან არც ლიბერალიზმის და არც ტრადიციონალიზმის მიმართულებით, რადიკალიზმი ჩვენს ქვეყანას არ წააგება. ღიად ვამბობ, რომ ჩემთვის ეს ორ დღიანი აქციები ამას ეხებოდა და მხოლოდ ამის მერე ეხებოდა ნარკოპოლიტიკას“, – განაცხადა წულუკიანმა.
მან მადლობა გადაუხადა ყველა სამართალდამცველს, რომლებიც აქციის ღამეს მუშაობდნენ, რომლებიც აქციას კონტრაქციისგან იცავდნენ.
„რაც შეეხება თვითონ აქციას, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ სამართალდამცველს, რომელიც მოცემულ ღამეს მუშაობდა, რომელიც შემდგომ აქციას იცავდა კონტრაქციისგან. მათ ეკუთვნით ხმამაღალი მადლობა და მე მინდა ამ ქვეყნის მოქალაქემ ვუთხრა მადლობა“, – განაცხადა წულუკიანმა.
ამასთან, მისი თქმით, მინისტრიც, პოლიციელიც და სამართალდამცველიც ადამიანია.
„რა თქმა უნდა, პოლიციელიც ადამიანია, სამართალდამცავიც ადამიანია და მინისტრიც ადამიანია. ამიტომ არ გამოვრიცხავ, ამ აუარებელ ნიაღვარსა და შეურაცხყოფის ტალღაში, რომელიც პოლიციელმა ორი დღის და მეტი დროის განმავლობაში ითმინა, დღეს ისევ დგას პოსტზე, შეიძლება თქვას, რომ მას აქვს შეურაცხყოფის განცდა. მე მინდა გავამხნევო ისინი და ვუთხრა, რომ ჩვენც, მთავრობაც მოვყვევით ამ ნიაღვარში. მე პირადად ქუჩაში არ გამოვსულვარ ამის უფლებას ჩემს თავს არ მივცემდი, მაგრამ ვუსმენდი, როგორ ეძახა ბექა წიქარიშვილმა მთავრობის წევრებს ძალაუფლებაზე შეყვარებული ბუშები, ოღონდ სხვა სიტყვით. აქ ჯორჯს და ბარბარას არ გულისხმობდა, მაგრამ ამაზე პასუხი არ უნდა იყოს ძალადობა, პირიქით, ამაზე პასუხი უნდა იყოს დიალოგი“, – აცხადებს თეა წულუკიანი.