„ევრაქტივი“ - არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მოუწოდებს, კონსტრუქციული იყოს
„ევრაქტივი“ - არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მოუწოდებს, კონსტრუქციული იყოს

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მოუწოდებს, რომ კონსტრუქციული იყოს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ევრაქტივთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩილ თალაკვაძემ ქვეყნის საარჩევნო სისტემის შეცვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ყველასთვის მისაღები არ იყო, ამის მიუხედავად, ერთი წლის წინ საკონსტიტუციო რეფორმების საშუალებით ცვლილებისთვის მობილიზება მოახდინეს.

ინტერვიუს დროს არჩილ თალაკვაძემ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩავარდნასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა. თუმცა განაცხადა, რომ ამის მიუხედავად, 2020 წელს „ქართული ოცნება“ სამართლიან არჩევნებს უზრუნველყოფს.

ექსკლუზიური ინტერვიუს დრო პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თბილისში დემონსტრაციების დაწყებამდე ის საპარლამენტო ოპოზიციურ ძალებს პირადად დაუკავშირდა და მოუწოდა, რომ პოლიტიკურ პროცესი ჩვეულ ნორმებში შეენარჩუნებინათ. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ოპოზიციონერებს აღნიშნული საკითხის განსახილველად რამდენიმე პლატფორმა შესთავაზა.

ინტერვიუს დროს არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მანიფესტაცია კანონით არის დაცული, ამიტომ დემონსტრანტებს მისი როგორც გაგრძელება, ასევე შეწყვეტა, რა თქმა უნდა, შეუძლიათ. თუმცა, ისეთი ქმედებების მიმართ, როგორიცაა პარლამენტის შენობის დაბლოკვა, ტოლერანტულები ვერ იქნებიან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო ასეთი ქმედების მიმართ ტოლერანტული არ იქნება, რადგან ეს კანონით არის აკრძალული.

„ევრაქტივთან“ ინტერვიუში აღნიშნულ საკითხზე საუბრის დროს არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერებს კონსტრუქციული პოლიტიკური პროცესისკენ მოუწოდა, რაც პოლიტიკურ ოპონენტებთან, ექსპერტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას გულისხმობს.