თეა წულუკიანი - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი იყო სირთულეებით სავსე, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრების, ისე თავმჯდომარისთვის
ბოლო დღეებში, ჩვენ რაც ვიხილეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფარგლებში, გარკვეული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით, მოწმობს იმას, რომ პროცესი იყო სირთულეებით სავსე როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის, ისე თავმჯდომარისთვის, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სტრასბურგში პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, კონკრეტული მოსამართლეების დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი ეხება არა მთავრობას, არამედ მართლმსაჯულებას.
„მე, როგორც ამ პროცესის გარე დამკვირვებელი, ვფიქრობ, მომავალში, აუცილებელი იქნება, თავმჯდომარემ და წევრებმა ერთმანეთთან კომუნიკაცია არა მხოლოდ გააუმჯობესონ, არამედ, ჩემი მოკრძალებული აზრით, კომუნიკაციასა და შიდა დიალოგს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს, რათა მომავალში არ იყოს ამგვარი შემთხვევები.
რაც შეეხება კონკრეტული მოსამართლეების დანიშვნა-არდანიშვნის საკითხს, ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება მთავრობას, ეს ეხება მხოლოდდამხოლოდ მართლმსაჯულებას, რომელმაც შიგნით უნდა იქონიოს ჯანსაღი პროცესები იმისთვის, რომ შეარჩიოს ყველაზე კომპეტენტური და ყველაზე მიუკერძოებელი კადრები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
9 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო გვენეტაძეს, შესაძლოა, თანამდებობა დაეტოვებინა. ამის მიზეზად სახელდებოდა მოსამართლეთა უვადო დანიშვნასთან დაკავშირებული პრობლემა, კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, ნინო გვენეტაძე 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნაზე ხელმოწერას არ აპირებდა.
თუმცა, მოგვიანებით, უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ხელი მოაწერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას 34 მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ.