სალომე ზურაბიშვილი - მოსამართლეებს შევახსენებ, პროფესიის შესაფერისი თავშეკავება ევალებათ, მათგან პოლიტიკური განცხადებები მიუღებელია
სალომე ზურაბიშვილი - მოსამართლეებს შევახსენებ, პროფესიის შესაფერისი თავშეკავება ევალებათ, მათგან პოლიტიკური განცხადებები მიუღებელია

მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხში მთავარი მამოძრავებელი პრინციპი არის სასამართლოს მიმართ ნდობის გამყარება და გაძლიერება, – ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„ვიმედოვნებ, რომ ამ საზომით და მხოლოდ ამ საზომით იმსჯელებს საკანონმდებლო ორგანო, რომელიც მოსამართლეების განწესებისთვის აუცილებელ კრიტერიუმებზე მუშაობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე შეფასებით, მოსამართლეების შერჩევის პროცესში მიუღებელია პრეზიდენტის პირადი შეხედულებების გაჟღერება.

„მოსამართლეების შერჩევის პროცესში პრეზიდენტის პირადი შეხედულებების გაჟღერება მიუღებელია, რამეთუ ეს იქნება  ჩარევა სასამართლო და საკანონმდებლო ორგანოების კომპეტენციაში.  ერთადერთი რამ, რაც პრეზიდენტს შეუძლია, შეახსენოს ყველა მოსამართლეს, რომ მათ პროფესიის შესაფერისი თავშეკავება ევალებათ. მიუღებელია მათგან პოლიტიკური განცხადებები. ეს უარყოფითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობაზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას მხარს უჭერს ვენეციის კომისიაც. ასევე, უვადოდ დანიშვნის პრაქტიკა არსებობს რიგ ქვეყნებში, თუმცა მათი შერჩევის პროცედურები ძალიან მაღალი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით ხასიათდება.

„ამ საკითხის სიფაქიზიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესში ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება არ ივარგებს. საბოლოოდ, საკანონმდებლო ორგანო პასუხისმგებელია, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც, ერთი მხრივ, გაითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო მეორე მხრივ, ყველაზე უკეთ მოერგება ქართულ რეალობას. ამის შედეგი  სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლება იქნება. ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაცია და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება სასამართლო სისტემის გაძლიერებაზე გადის“, – განაცხადა სალომე  ზურაბიშვილმა.

ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საზღვარგარეთ გამართული ყველა მისი შეხვედრის დროს, საქართველოს პარტნიორები ხაზს უსვამენ სასამართლო რეფორმის გაგრძელებისა და სასამართლო სისტემის მდგრადობის მნიშვნელობას.

„მე ამ პროცესს დიდი ყურადღებით ვაკვირდები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაესწრნენ.