ჰერმან საბო - მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის სასამართლოში უვადოდ მოხვედრა დღეს თითქმის გარდაუვალია, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამ კლანს სასამართლოდან გავუშვებთ
ჰერმან საბო - მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის სასამართლოში უვადოდ მოხვედრა დღეს თითქმის გარდაუვალია, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამ კლანს სასამართლოდან გავუშვებთ

დღეს მთავარი პოლიტიკური პრობლემა სასამართლოში მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კლანი და ამ კლანის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაა, – ამის შესახებ მთაწმინდის რაიონში პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ჰერმან საბომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობის წინ გამართულ ბრიფინგი განაცხადა.

„ამჟამად პარლამენტი განიხილავს კლანის მომზადებულ კანონპროექტს და გატანასაც აპირებ, რის შემდეგაც უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნებიან კლანის წევრები. დღეს ამ პროცესის მოწინააღმდეგეა ყველა პარტია „ქართული ოცნების“ გარდა, ყველა ორგანიზაცია გარდა ხელისუფლების „ჯიბის ექსპერტებისა“, მთელი მოსახლეობა, მაგრამ „ქართული ოცნება“ აპირებს, ხელის გადაწევით, სამუდამოდ დააკანონოს კლანი სასამართლოში. ანუ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის სასამართლოში უვადოდ მოხვედრა დღეს თითქმის გარდაუვალია. ისეთივე გარდაუვალია, როგორც ის, რომ საქართველოში ხელისუფლებები იცვლებიან – იგივე ბედი ელის „ქართულ ოცნებასაც“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

„გირჩის“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, პარტია პირობას დებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მთელ ამ კლანს საკანონმდებლო ცვლილებით გაუშვებს სასამართლოდან.

„პირობას ვდებთ, რომ იმ მოსამართლეებს, რომლებიც ღიად დაადასტურებენ კლანის არსებობას სასამართლოში, მისი გაშვების შემდეგ დავნიშნავთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად, როგორც ყველაზე კეთილსინდისიერ ადამიანებს სასამართლო სისტემაში. გასაგებია, რომ კლანი მზად არის, მოემსახუროს ყველა ხელისუფლების ბინძურ დავალებებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები ვიყოთ ერთსულოვანი ამ დაპირებაში – „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცვლილებისთანავე ყველა ჩვენთაგანი დაეთანხმება კლანის მიერ უვადოდ დანიშნული მოსამართლეების საკანონმდებლო ცვლილებების გზით სახლში გაშვებას“, – განაცხადა ჰერმან საბომ.