თბილისში, წმინდა ბარბარეს უბანში მულტიფუნქციური სპორტული სივრცე ეწყობა
ქვემო სამგორში, ნაკადულის ქუჩის მესამე გასასვლელში არსებულ მიწის ნაკვეთზე სპორტული სივრცეები ეწყობა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2 523 კვ.მ ფართობზე მოეწყობა სპორტული მოედნები, რეკრეაციული სივრცე და განთავსდება სხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურა.
მიმდინარე სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად დაათვალიერა.
„პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა FIFA-ს სტანდარტების მინი ფეხბურთის სტადიონი. 40×25 ზომის ხელოვნურსაფარიან მოედანთან გაკეთდება 60-ადგილიანი მაყურებელთა ტრიბუნა და სტადიონის განათების სისტემა. მოედნის გარშემო 140-მეტრიანი სარბენი ბილიკი განთავსდება. ასევე, ტერიტორიაზე მოეწყობა კალათბურთისა და ფრენბურთის კაუჩუკისსაფარიანი მოედანი და ფიტნეს ზონა, რომელშიც ათი ტრენაჟორი დამონტაჟდება.
ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც. მოეწყობა რეკრეაციული სივრცე, სადაც სკამები და ურნები განთავსდება, საფეხმავლო ბილიკები მოპირკეთდება და გარე განათების სისტემა დამონტაჟდება.
პროექტის ღირებულება 614 ათასი ლარია. სამუშაოებს, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „პე ბე“ ასრულებს“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.