თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ს. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 8 სექტემბერს თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა 1980 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„სამართალდამცველებმა დ.ს. მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს. პოლიციამ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე მამაკაცი რამდენიმე საათის წინ დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ჭრილობები მას საცხოვრებელი კორპუსის ავტოფარეხში მიაყენეს.