თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი სექტემბერში გაიმართება. მე-10 საიუბილეო ფესტივალი საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს ეძღვნება.
2018 წლის ფესტივალის მნიშვნელობაზე და პროგრამაზე დღეს პრესკონფერენციაზე კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ; ფესტივალის დირექტორმა ეკა მაზმიშვილმა; ასევე, თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარიამ ისაუბრეს.
თეატრალური ფესტივალი 10 წლისაა და შესაბამისად, საიუბილეო ფესტივალის პროგრამაც განსაკუთრებულია. წარმოდგენებს შორის წელს გამორჩეულია სპექტაკლი მწერალ ნინო ხარატიშვილის რომანის მიხედვით – „მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)”, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას ასახავს.
განსაკუთრებული სტუმარი წელს ფესტივალზე მსახიობი მიხეილ ბარიშნიკოვი იქნება, რომელიც ბროდსკის ლექსების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს – „ბროდსკი ბარიშნიკოვი” აჩვენებს.
საერთაშორისო ფესტივალმა დაარსებიდან დღემდე კომპანიებს და თეატრებს 170 ქვეყნიდან უმასპინძლა. მეათე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 14 სექტემბერს გაიხსნება. პროგრამა 14-30 სექტემბერს იქნება წარმოდგენილი. ქართული სპექტაკლების ჩვენება კი, 25 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე იგეგმება.