თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად, ხანშიშესული ქალი დაიღუპა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება.

შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძახებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. მეზობლების ინფორმაციით, დაკეტილ ბინაში, საიდანაც გამოდიოდა კვამლი, უნდა ყოფილიყო მოქალაქე. საცხოვრებელ სახლში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა ხანშიშესული ქალის ცხედარი იპოვეს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ცნობით, ძლიერი დაკვამლიანების გამო, მიმდებარე ბინებიდან გამოყვანილია შვიდი მოქალაქე. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია.

„ადგილზე მუშაობდა შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.