თბილისში, ოვანეს თუმანიანის სახლში თოჯინების თეატრი გაიხსნა
თბილისში, ოვანეს თუმანიანის სახლში თოჯინების თეატრი გაიხსნა

თბილისში სომეხი კლასიკოსი მწერლის ოვანეს თუმანიანის დაბადების 149 წლისთავი აღნიშნეს. ღონისძიებები სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონიდან დაიწყო, სადაც საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა გადაიხადა პარაკლისი, შემდეგ კი დამსწრეებმა ერთმანეთს წიგნები აჩუქეს.

წიგნების ჩუქების ტრადიცია 2008 წლიდან იღებს სათავეს, როცა სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ ლევონ ანანიანმა ოვანეს თუმანიანის დაბადების დღე წიგნის ჩუქების დღედ გამოაცხადა.

დღესვე „ოვანეს თუმანიანის სახლში“,100 წლის შემდეგ, აღდგა თოჯინების თეატრი.

„დღეს ჩვენმა თეატრმა, სომეხი და ქართველი მაყურებლის წინაშე, 100 წლის შემდეგ , კარი პირველად გააღო. ჩვენი მიზანია, ადრეული ასაკიდან სიყვარულის ჩანერგვა, ხელოვნების, სილამაზისა და ჰარმონიულობისადმი,“ – აღნიშნა თეატრის დამფუძნებელმა არმენ ჰოვანისიანმა.

დღესვე გაიმართა ოვანეს თუმანიანის „ძაღლი და კატა“ ბალადის მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა. ჰოვანეს თუმანიანის თოჯინების თეატრის გახსნას ესწრებოდნენ პოლიტიკოსები, ცნობილი მოღვაწეები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.