თეა წულუკიანი თბილისის თოჯინების თეატრის ახალი სეზონის გახსნას დაესწრო
თეა წულუკიანი თბილისის თოჯინების თეატრის ახალი სეზონის გახსნას დაესწრო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ოჯახის წევრებთან ერთად, თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის სეზონის გახსნას დაესწრო.

ახალი სეზონი სპექტაკლ „უსახურის“ პრემიერით გაიხსნა, რომლის ავტორი, რეჟისორი, კომპოზიტორი და მხატვარი ნიკოლოზ საბაშვილია. მინისტრმა პირადად მიულოცა თეატრის ხელმძღვანელსა და დასის წევრებს სპექტაკლის პრემიერა და მათ წარმატებული სეზონი უსურვა.

წარმოდგენა უფროსი თაობის მაყურებელზეა გათვლილი და მოგვითხრობს სიკეთისა და ბოროტების მუდმივ ჭიდილზე, უკეთესი მომავლის ძიების დაუოკებელ სურვილსა და სახედაკარგულ საზოგადოებაზე.

მიმდინარე სეზონზე თოჯინების თეატრი შვიდ საბავშვო სპექტაკლის პრემიერას წარმოადგენს.