თბილისში მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
თბილისში მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქვეყანა აუცილებლად შეძლებს მავთუხლართების დაძლევას“.
როგორც სახელმწიფო მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, ხელოვნური ბარიკადები ადამიანებს განვითარებისა და უკეთესი მომავლისკენ სვლაში ვერ დააბრკოლებს.
„ვმუშაობთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის. მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ კონფლიქტით და ომით, რომელთაც მოუშუშებელი იარები და ტკივილი აქვთ და დავპირდე, რომ მომავალშიც გავაგრძელებ მათზე ზრუნვას, მაგრამ ამავდროულად მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანები არიან პირველები, ვისაც ყველაზე კარგად ესმით მშვიდობის ფასი და პირველები, ვინც მზად არიან, რომ ნაბიჯი გადადგან ნდობის აღდგენისა და შერიგებისკენ“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის თქმით, ევროპის კონტინენტზე მშვიდობის დამყარებისთვის უფრო დიდი მუშაობაა საჭირო.
„ქეთევან ციხელაშვილმა ამ შეხვედრაზე ისაუბრა 30 წლის წინ დანგრეულ ბერლინის კედელზე, რაც არა მარტო გერმანიისთვის, არამედ ევროპისთვისაც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ამ მოვლენამ ხორცი შეასხა ჩვენს იმედს, რომ მშვიდობა დამყარდეს კონტინენტზე. ვიცით, რომ ეს ჯერ მიღწეული არ არის და ვითარება საქართველოში, მავთულხლართები და ინციდენტები გვახსენებს, რომ საჭიროა, უფრო დიდი მუშაობა მშვიდობისთვის. იმედი მაქვს, ამ მიმართულებით პროგრესი გვექნება“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.