თბილისში კონფერენცია „ქალ მოსამართლეთა როლი სასამართლო სისტემაში“ გაიხსნება
თბილისში დღეს კონფერენცია „ქალ მოსამართლეთა როლი სასამართლო სისტემაში“ გაიხსნება.
ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენციაზე განხილული იქნება ქალების თანაბარი მონაწილეობის მნიშვნელობა, გენდერული სტერეოტიპების ფორმირება, გენდერული მრავალფეროვნების გავლენა სამოსამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის გენდერულად მგრძნობიარე სასჯელის დანიშვნის პროცესი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
მათივე ცნობით, 2018 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში მოსამართლეთა საერთო რაოდენობა 306-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის 53.3 პროცენტი ქალი მოსამართლეა, მათი წარმომადგენლობა მენეჯერულ პოზიციებზე ბევრად დაბალია. 26 სასამართლოს თავმჯდომარიდან მხოლოდ ოთხი პოზიციაა ქალთა მიერ დაკავებული.
ღონისძიება 09:30 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიხსნება.
კონფერენციას მართავენ ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში, USAID-ის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამა – PROLoG და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტი – EU4Justice.