შალვა პაპუაშვილი - იმის ნაცვლად, რომ მოვისმინოთ ბოდიში ოპოზიციის, „ენჯეოებისა“ და ზოგიერთი საელჩოს მხრიდან მოსამართლეების მიმართ, ვხედავთ პოზიციას, რომ უნდა გადავხიოთ კონსტიტუცია
შალვა პაპუაშვილი - იმის ნაცვლად, რომ მოვისმინოთ ბოდიში ოპოზიციის, „ენჯეოებისა“ და ზოგიერთი საელჩოს მხრიდან მოსამართლეების მიმართ, ვხედავთ პოზიციას, რომ უნდა გადავხიოთ კონსტიტუცია

სასამართლო რეფორმის საკითხებზე ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და ჩვენი შეხვედრების დროს ყოველთვის დაჟინებით ვსვამთ კითხვას, გვითხარით სასამართლოს გადაწყვეტილებების მაგალითები, რომლებიც აჩვენებს რაღაც სისტემურ პრობლემებს და არის უსამართლო, ვერ გვეუბნებიან ვერცერთს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ვეტინგთან“ დაკავშირებული თემა უმრავლესობის მხრიდან დახურულია.

„რაც შეეხება „ვეტინგს,“ გუშინ უმრავლესობის ლიდერმა თქვა, ჩვენი მხრიდან ეს თემა დახურულია. ჩვენ, დაახლოებით, ალბათ ერთი თვეა, რაც ამ საკითხზე შევედით განსჯაში. მათ შორის, იცით, რომ იმ სამუშაო ფორმატში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, სადაც ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი იყო ჩართული, იქაც გვქონდა ჩვენ ამაზე საუბარი. მე პირადად და სხვებმაც დავუსვით კითხვა როგორც ოპოზიციას, ისე არასამთავრობო სექტორს: გვითხარით საფუძველი, რატომ ფიქრობთ, რომ არის საჭირო „ვეტინგის“ ჩატარება? გვითხარით, რაიმე სისტემური პრობლემა არსებობს სამართლიანი მართლმსაჯულებისა? გვითხარით მაგალითი ერთი ან ორი სასამართლო გადაწყვეტილებისა, რომელზეც იტყვით, რომ ეს იყო აშკარა უსამართლობა და აჩვენებდა, რომ რაღაც სისტემური პრობლემა არის… საერთოდ ვერაფერი. კიდევ ერთხელ, ეს არ ხდება პირველად, უკვე მერამდენეჯერ არის, გარკვეულწილად, ლამის ეს იქცა ტრადიციად, რომ როდესაც არის ასეთი შეხვედრები, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და ჩვენ, სასამართლოს რეფორმის საკითხები განიხილება ყოველ ჯერზე, დაჟინებით ვკითხულობთ – გვითხარით მაგალითები სასამართლოს გადაწყვეტილებებისა, რომელზეც თქვენ იტყვით, რომ ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება და აჩვენებს რაღაც სისტემურ პრობლემებს. ვერ გვეუბნებიან ვერცერთს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიცია და „ენჯეოები“ შეხვედრებზე იმიტომ ვერ ასახელებდნენ ვერანაირ მაგალითს, რომ ყოველ ჯერზე თავად აღმოჩნდებოდნენ ხოლმე ყველაფერში მტყუანები.

„გავიდა უკვე ალბათ ერთი წელი, მით უმეტეს, 12 რეკომენდაციაზე მუშაობის ფორმატში ასევე შეხვედრები რომ გვქონდა, ყოველ ჯერზე ვკითხულობთ. კარგი, იმ მომენტში არ იციან, ხომ შეუძლიათ, შემდეგი ჯერისთვის მოემზადონ და გვითხრან ერთი მაგალითი მაინც. იცით, რატომ ვერ გვეუბნებიან?! იმიტომ, რომ რაც აქამდე დაასახელეს, ყველაფერში აღმოჩნდნენ თვითონ მტყუანები. კერძოდ, „რუსთავი 2“-ის საქმეს ასახელებენ. ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, „ენჯეოები“ ამბობდნენ, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და, სამწუხაროდ, ზოგიერთი საელჩო მაშინ ამბობდა, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. წავიდა სტრასბურგში, სტრასბურგმა თქვა, რომ ოპოზიციაც ცდებოდა, „ენჯეოებიც“ ცდებოდნენ და საელჩოებიც ცდებოდნენ. სააკაშვილის საქმე, მელიას საქმე, უგულავას საქმე… საქმეები არის ყველგან, სადაც, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდებოდა, რომ ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი და ისინი, ვინც აბრალებდნენ მას პოლიტიზებას, არ იყვნენ მართლები. ჩვენ ახლა, ნაცვლად იმისა, რომ მოვისმინოთ წუხილი და ბოდიში ოპოზიციისგან, წუხილი და ბოდიში „ენჯეოებისგან“ მოსამართლეების მიმართ, წუხილი და ბოდიში ზოგიერთი საელჩოს მხრიდან მოსამართლეების მიმართ, რადგან ისინი იყვნენ მონაწილე ამ დისკრედიტაციის კამპანიისა, ვხედავთ რაღაც აროგანტულ პოზიციას, რომ ჩვენ უნდა გადავხიოთ საქართველოს კონსტიტუცია, დავივიწყოთ ჩვენი დამოუკიდებლობა, ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც არ აქვს უნარი, თავად მართოს საკუთარი ქვეყანა და როგორც მოგვიწოდა ჩვენ ერთ-ერთმა მოქალაქემ, გახსოვთ მაშინ, რომ ცალ ფეხზე დავდგეთ, რასაც გვეტყვიან, ის უნდა ვაკეთოთ. აი, ამ სლოგანით გავიდნენ არჩევნებში 2024 წლის 26 ოქტომბერს. ამ სლოგანით გადის ოპოზიცია – დავდგეთ ცალ ფეხზე, გავაკეთოთ ის, რასაც გვეტყვიან. ამ სლოგანით გადიან სინამდვილეში ისინი არჩევნებზე და რა პასუხსაც მიიღებენ, ნახავენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.