ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, წარადგენენ წინადადებას, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლეების დანიშვნა, გადარჩევა ე.წ. ვეტინგის საფუძველზე მოხდეს
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, წარადგენენ წინადადებას, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლეების დანიშვნა, გადარჩევა ე.წ. ვეტინგის საფუძველზე მოხდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე წარადგენენ წინადადებას, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლეების დანიშვნა, გადარჩევა „ვეტინგის“ საფუძველზე მოხდეს.

ბეჟაშვილის თქმით, ეს ხელს შეუწყობდა სასამართლო სისტემის გაჯანსაღებასა და ნდობის აღდგენას.

„სამუშაო შეხვედრაზე მოვისმინეთ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მიერ შემოთავაზებული პროექტი სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რადგან ევროპულ სტანდარტებთან შეუთავსებელია, სისტემაში არსებობდეს საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი მოსამართლეები. ჩვენი მხრივ, წარვადგენთ წინადადებას, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლეების დანიშვნა, გადარჩევა „ვეტინგის“ საფუძველზე მოხდეს. ეს სისტემა აპრობირებულია ჩვენი ქვეყნის მსგავსი პრობლემების მქონე სხვა ქვეყნებისთვის, ანალოგიური სტანდარტები არსებობს. ვფიქრობ, ამ ინიციატივის მიღება ხელს შეუწყობდა სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას, ნდობის აღდგენას. წინარე პრაქტიკიდან გამომდინარე, ვიცით, რომ ივანიშვილის პარტიისთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლების შენარჩუნება და მათთვის ამ სისტემის შეცვლა არის ეგზისტენციალური საფრთხის შემცველი ხელისუფლების შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ამიტომ დიდი მოლოდინი არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ჩვენი წილი პასუხისმგებლობით უნდა ვიმუშაოთ ამ პროცესში“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.