თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე „ჯორჯიან უოთერ ფაუერის“ საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შესული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე არსებულ საწყობში, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. შეტყობინებაზე რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუყონებლივ მოახდინა.
„ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს დაახლოებით 200 კვ/მ ფართობზე გავრცელებული ხანძარი დახვდათ. არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველების ეფექტური მუშაობის შედეგად, დროულად მოხერხდა ცეცხლის ჩაქრობა“, – აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფეიქრების ქუჩაზე რვა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.