თბილისში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე ხანძარი დაახლოებით რვა სახლის სახურავზე გავრცელდა
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე ხანძარი დაახლოებით რვა სახლის სახურავზე გავრცელდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს გლდანი-ნაძალადევის რაიონის სახანძრო-სამაშველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ცეცხლი თავდაპირველად ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა, რომელიც გვერდით მდებარე სახლების სახურავებზეც გავრცელდა.
წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 350-400 კვ.მ. ფართობი. ადგილზე 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.