კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ძუძუს კიბოს საწინააღმდეგო აქცია-მარათონი გაიმართება.
საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად სლოგანით – გავერთიანდეთ ძუძუს კიბოს წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირ „ჰერას“ ორგანიზებით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, მხარდაჭერით იმართება.
მარათონში მონაწილეობას მიიღებენ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირ „ჰერას“ და ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლები. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აშშ-ის საელჩოს, ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების, კერძო კომპანიების, ჯანდაცვის ობიექტების, საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოების და ბევრი სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
მარათონი ძუძუს კიბოს შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ადრეული დიაგნოსტიკის სერვისების პოპულარიზაციის მიზნით ტარდება. ორგანიზატორების ცნობით, ღონისძიების მიზანია საზოგადოების მიერ ძუძუს კიბოს პრობლემის გათვითცნობიერება და ქალთა ცოდნის დონის ამაღლება ძუძუს დაავადებების ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის და მეთოდების შესახებ.
„მარათონით მოხდება განათლების გაძლიერებისა და სტიგმის დაძლევის აუცილებლობის ხაზგასმა. არსებობს ძუძუს კიბოს გამოკვლევის უფასო სერვისები, თუმცა მათი სრულფასოვანი გამოყენება არ ხდება. მოსახლეობამ არ იცის რაოდენ მნიშვნელოვანია ნაადრევი გამოვლენა და რატომ არის აუცილებელი სარძევე ჯირკვლის გამოკვლევები რეგულარულად.
ძუძუს კიბო წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ კიბოს და რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს საქართველოში.
სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში 2014 წელს რეგისტრირებულია სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის 1541 ახალი შემთხვევა რაც 31,7 შეადგენს. კიბოს რეგისტრის მონაცემებით სარძევე ჯირკვლის კიბო ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაციის კიბოა ქალებში. ძუძუს კიბოს ინციდენტობის მაჩვენებლები 100 000 ქალზე 97,5 შეადგენდა 2015 წელს, 2016 წელს 91,9, 2017 წელს კი 79,6“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
აქცია-მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად უკვე მეცამეტედ იმართება საქართველოში და იგი ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა. 2005 წლიდან, 3 წლის განმავლობაში, მარათონი იმართებოდა ქ. ქუთაისში, ხოლო 2009 წლიდან „საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად“ თბილისში დაფუძნდა და გადაიქცა ერთ-ერთ უდიდეს აქციად.
„10 000 ზე მეტი მონაწილის, საქართველოში მოღვაწე უცხოელი მოქალაქეების დამსახურებაა, რომ ამ აქციის საშუალებით ხდება ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდა. მსგავსი აქციები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს აშშ-ისა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში. სუზან კომენის სარძევე ჯირკვლის კიბოს ფონდის დამფუძნებელმა ნენსი ბრიკერმა 1983 წელს პირველად მსოფლიოში მოაწყო „მარათონი გადარჩენისათვის“. მარათონმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა მოსახლეობაში და აშშ-ში ტრადიციად იქცა“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
მარათონის ფარგლებში მოეწყობა რბოლა, გამარჯვებულების დაჯილდოება, მსვლელობა და საქველმოქმედო კონცერტი ღია ცის ქვეშ, რომლის ერთ-ერთი მიზანი ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობაა.
მარათონში მონაწილეობის მიღება ასაკისა და სქესის მიუხედავად შეუზღუდავია.