თინათინ ბერძენიშვილი - უკრაინის მიმართ სოლიდარობაში მსოფლიო ერთიანია, პირველი არხის ხვალინდელი მარათონი არის საქველმოქმედო, კონკრეტული ადამიანების დასახმარებლად
თინათინ ბერძენიშვილი - უკრაინის მიმართ სოლიდარობაში მსოფლიო ერთიანია, პირველი არხის ხვალინდელი მარათონი არის საქველმოქმედო, კონკრეტული ადამიანების დასახმარებლად

უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს ნებისმიერ ინიციატივაში გვერდში ვუდგავართ, პირველივე დღიდან გვაქვს მჭიდრო კავშირი. მნიშვნელოვანია ის სოლიდარობა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლების დიდ კომუნაში ხდება, მსოფლიო ერთიანია, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გადაცემაში „დღის კოდი“ განაცხადა.

როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, უკრაინაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაიწყო ფიქრი, რისი გაკეთება შეეძლო ადამიანების დასახმარებლად.

„მნიშვნელოვნია ის სოლიდარობა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლების დიდ კომუნაში ხდება. მსოფლიო ერთიანია, რა თქმა უნდა, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი ეპიცენტრშია. მათ ნებისმიერ ინიციატივაში გვერდით ვუდგავართ. პირველივე დღიდან გვაქვს მჭიდრო კავშირი, ყოველდღიურად მაქვს კომუნიკაცია გენერალურ დირექტორთან, მათ შეიცვალეს ლოკაცია, კიევიდან ლვოვში გადავიდნენ, რადგან კონკრეტულად მათ ემუქრებოდათ საფრთხე, თუმცა 24/7-ზე მუშაობენ ყველა საკომუნიკაციო რესურსის გამოყენებით.

და რატომ საზოგადოებრივი მაუწყებელი? რადგან ახლა, როგორც არასდროს, გადამოწმებული ინფორმაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი, საინფორმაციო ომია და ვინ, თუ არა მთელი მსოფლიოს საზოგადოებრივი მაუწყებლები, ისინი შუაგულ ეპიცენტრში არიან. მიხარია, რომ საქართველოს პირველი არხი პირველივე დღიდან 24/7-ზე მუშაობს ყველა რესურსის გამოყენებით, რომ რეგიონიდან გადამოწმებული ამბები მივიდეს EBU-ს პლატფორმაზე, სადაც აბსოლუტურად ყველა ქვეყანა იღებს გადამოწმებულ ინფორმაციას პარტნიორებისგან, ჩვენგან, ვინც ვქმნით საზოგადოებრივი მაუწყებლების ერთიან ქსელს.

პირველივე დღიდან დავიწყეთ ფიქრი, რისი გაკეთება შეუძლია საზოგადოებრივ მაუწყებელს, ჩვენ ჩვენი პრიზმიდან ვსაზღვრავთ. დავიწყეთ ფიქრი, რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ ადამიანი ადამიანს რეალურად დაეხმაროს. მგონია, რომ რაც შეგვიძლია ქართველებს და რასაც ვერავინ წაგვართმევს, ეს არის სოლიდარობა, მხარდაჭერა, მეგობრობა“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, უკრაინელი მოქალაქეების დასახმარებლად პირველ არხში, სპეციალურად შექმნილ ცხელ ხაზზე უამრავი ზარი შევიდა.

„ცხელი ხაზი სწრაფად დავაორგანიზეთ, რადგან გამოცდილება მივიღეთ პანდემიის დროს. დაანონსების პირველივე წუთიდან დაგვირეკეს უკრაინელმა ოჯახებმა, ვინც საქართველოში ჩარჩა. 10 ოჯახია, რომლებსაც კონკრეტულად დავეხმარეთ, თუმცა არასდროს გვიყვარს აფიშირება. შეიძლება არასწორი სტრატეგიაა, მაგრამ ამას არასდროს ვაკეთებთ. თუმცა ამაყი ვარ, რომ თანამშრომლებმა და არა ორგანიზაციამ, საკუთარი წვლილი შეიტანეს ამ საქმეში.

ამასთან, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე რეკავდა უკრაინელების დახმარების მიზნით. ბევრი კომპანია შემოგვიერთდა, იყო ზარები სასტუმროებიდან,   დახმარების ერთგვარი პლატფორმა გახდა.

დავიწყეთ ფიქრი, კიდევ რა შეიძლება გაკეთებულიყო. ჩაერთო ევროპის მაუწყებელთა კავშირის ძალიან ძლიერი პლატფორმა, რომლის ინიციატივაც გახდა, რომ სოლიდარობის ჯაჭვი გაეკეთებინა მთელ ევროპაში, შემიძლია, ვთქვა მთელ მსოფლიოში, რადგან გასცდა ევროპის საზღვრებს, ადამიანების დასახმარებლად პირველმა არხმაც დაიწყო მარათონის ორგანიზება“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა.

როგორც თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად მარათონის მიზანია, კონკრეტული დახმარება გაუწიონ მოქალაქეებს.

„მარათონმა სტარტი აიღო პოლონეთიდან. ხვალ ჩვენ და ჩეხეთს გვექნება მარათონი, მარათონში ჩაერთვებიან საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგალითად, პოლონეთის შემთხვევაში იყო „კარიტასი“. ჩვენ შემთხვევაში პარტნიორია წითელი ჯვარი, მარათონში შეგროვებული თანხა გადაერიცხება უკრაინაში დაზარალებულ ოჯახებს.

ეს არის სოლიდარობის აქცია მოქალაქეების დასახმარებლად. მადლობა ჩვენს პარტნიორებს, ამ შემთხვევაში სატელეკომუნიკაციო საშუალებებს, არც ერთი კომპანია, არც „მაგთი“, არც „სილქნეტი“ არანაირ პროცენტს არ აიღებენ შემოსული ზარებიდან. ისინიც პარტნიორები არიან ამ ქველმოქმედებაში.

ჩვენთან სატელეფონო ზარები არ წყდება, ბევრ კომპანიას სურს დახმარება და ეს ხვალინდელ ეთერში გამოჩნდება. გვაქვს რამდენიმე მიმართვა სხვადასხვა ევროპული ტელეკომპანიის დირექტორის, რომლებიც ინიციატორები არიან. ჩვენს შემთხვევაში, ეს იქნება მუსიკალური მარათონი, თუმცა, მიზანი არის საქველმოქმედო აქცია მოქალაქეების ზარებით. თითო ლარის გადარიცხვითაც ხომ წვლილი შეგაქვს სხვის დასახმარებლად.

ეს აქცია არის ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლების. ჩვენ ამ ოჯახის წევრი ვართ, ეს ორგანიზაცია სხვანაირად ვერ იქნება, რადგან დაიბადა იქ, სადაც არის ევროპული დემოკრატია. ამიტომ ჩვენ ცალკე ვერ ვიქნებით, პირიქით, ძალიან ამაყი ვარ, რომ ორგანიზაცია აბსოლუტურად სრულფასოვანია და ძლიერ, დიდ ქვეყნებთან ერთად ისეთივე ფერხულშია, როგორც ყველა სხვა დანარჩენი“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

ამასთან, როგორც საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი ამბობს, მარათონი ორ დღეში დაორგანიზდა და ეთერში მაუწყებლის არსებული რესურსით გავა.

„ყველას ვერ მივეცით მონაწილეობის საშუალება. უამრავი მუსიკოსი, ხელოვანი, პოეტი და სხვადასხვა პროფესიის ადამიანი ითხოვს ჩართვას. 48 საათში დაორგანიზდა ღონისძიება, რომელიც საგანგებო რეჟიმით მიდის. მზად არის „რანინას“ საკონკურსო ჩაწერების სტუდია, ბენდი, ასევე ის მუსიკოსები, რომლებიც ჩვენს ბენდთან ერთად მუშაობენ. არ გვქონდა არჩევის დრო. ეს არ არის კონცერტი, საზეიმო ღონისძიება, ეს არის საქველმოქმედო აქცია, ფორმა, როგორ შეიძლება, მაყურებელი ჩავრთოთ ორსაათიან ეთერში. საზოგადოებრივ მაუწყებელს განსაკუთრებული ფუნქცია აქვს და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა თითოეული მოქალაქის სახელით ისაუბრო. ჩვენ ამის უფლებას საკუთარ თავზე ვიღებთ, რაც ძალიან რთულია, მით უმეტეს, ამ პოლარიზებულ გარემოში, თუმცა ვეცდებით ყველანაირად, ამაში დარწმუნებულიც ვართ, რომ ყველა მოქალაქე ერთიანია იმისთვის, რომ ადამიანებს დავეხმაროთ“, – აღნიშნა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოების სახელით პოზიციონირება საკმაოდ რთული, საპასუხისმგებლო, მაგრამ ძალიან საამაყოა.

„მივყვებით მოვლენებს. თითოეული ნაბიჯი გვაქვს გაზომილი. არ გავდივართ იმ ჩარჩოსგან, რაც არის ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლების ინიციატივა. ბევრი რამ ხდება, რამაც შეიძლება, ახალი ინიციატივებისკენ გვიბიძგოს, რადგან ეს კომუნა ძალიან აქტიურია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოქალაქეებს თუ აქვთ სურვილი, ჩვენ ვიქნებით პლატფორმა მათი ხმისთვის. მაუწყებელში ამოქმედებულმა ცხელმა ხაზმა ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა.

ხვალინდელ საქველმოქმედო მარათონში ყველას შეუძლია დახმარება სხვადასხვა ფორმით. ყველა დაძაბულია, რამდენიმე ღამე მგონი, არავის სძინავს, უმძიმესი დღეებია, ხვალ კი შეუძლიათ დასხდნენ ეკრანებთან და თუნდაც მინიმალური დახმარება გაუწიონ ადამიანებს, რომლებსაც ახლა ძალიან უჭირთ“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

საქართველოს პირველი არხი, წითელ ჯვართან ერთად, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის სოლიდარობის ნიშნად, საქველმოქმედო მარათონს – „ჩვენ უკრაინისთვის“ გამართავს. მარათონი პირველ მარტს, 22:00 საათზე საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში გავა და მასში ჩართვის შესაძლებლობა სატელეფონო ზარის საშუალებით, ან საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, საზოგადოების ყველა წევრს ექნება.