საქართველოს პირველი არხი - „ჩვენ უკრაინისთვის“ 

საქართველოს პირველი არხი, წითელ ჯვართან ერთად, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის სოლიდარობის ნიშნად, საქველმოქმედო მარათონს – „ჩვენ უკრაინისთვის“ გამართავს.

მარათონი პირველ მარტს, 22:00 საათზე საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში გავა და მასში ჩართვის შესაძლებლობა სატელეფონო ზარის საშუალებით, ან საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, საზოგადოების ყველა წევრს ექნება.

ანგარიშის ნომრები:

საქართველოს ბანკი: GE84BG0000000533473787 

თიბისი ბანკი: GE44TB7406736120100003

ან დარეკეთ ნებისმიერი ქსელიდან: 16 222

ზარის ღირებულება 1 ლარი

საქველმოქმედო მარათონი ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი მაუწყებლების ინიციატივაა, რომელმაც სტარტი აიღო პოლონეთიდან. პოლონეთის TVP-ს ეთერში უკრაინის მხარდასაჭერად კარიტასთან ერთად მარათონი უკვე გაიმართა. საქველმოქმედო მარათონს „ჩვენ უკრაინისთვის“ კი, სამშაბათს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

„ჩვენ უკრაინისთვის“ – საქველმოქმედო მარათონი საქართველოს პირველი არხის ორგანიზებით, პირველ მარტს გაიმართება, ჩვენ უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს და ეს სოლიდარობის აქტია, რომელსაც რეალური შედეგი და ეფექტი უნდა ჰქონდეს, რაც ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია ამ რთულ დროს“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

როგორც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ აღნიშნა, მარათონის დროს გაღებული შემოწირულობა დახმარების სახით გადაეცემა უკრაინის წითელ ჯვარს.

„გაიღე შემოწირულობა, უკრაინელი ხალხისთვის! დღეს, ისე როგორც არასდროს, უკრაინაში ჩვენს მეგობრებს თანადგომა სჭირდებათ. თქვენ მიერ გაღებული შემოწირულობა დახმარების სახით გადაეცემა უკრაინის წითელ ჯვარს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის წითელი ჯვარი ეხმარება და გვერდით უდგას ყველას, ვისაც დახმარება ესაჭიროება“, – განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა.

„ჩვენ უკრაინისთვის“ –  საქველმოქმედო მარათონში ცნობილი ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას, ასევე შესრულდება პოპულარული ეპიზოდები საქართველოს პირველი არხის მუსიკალური პროექტებიდან.

უკრაინის მხარდასაჭერად მარათონს დღეს მართავს ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი. საქველმოქმედო კონცერტს გამართავს ჩეხეთის საზოგადოებრივი მაუწყებელიც.