აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი „გამარჯვების მარათონი“ გაიმართა
აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი „გამარჯვების მარათონი“ გაიმართა

აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი „გამარჯვების მარათონი“ გაიმართა.

გარბენმა სტარტი თბილისში, ჰეიდარ ალიევის სახელობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე აიღო და რუსთავში დასრულდა.

„ამ დღესთან დაკავშირებით აზერბაიჯანის საელჩოსა და სხვა ორგანიზაციების მეშვეობით ღონისძიება გაიმართა. დღეს გარბენი სიმბოლურად 30 კილომეტრი იყო, რაც დამოუკიდებლობის 30 წლისთავს ემთხვევა. როგორც მოგეხსენებათ, 1991 წლიდან ჩვენ დამოუკიდებლობა აღვადგინეთ. დღეს ჩვენს თანამემამულეებთან ერთად აღვნიშნავთ დღევანდელ დღეს“, – განაცხადა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა ფაიგ გულიევმა.

გარბენში მონაწილეობის მიღება 18 წელს ზემოთ, ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

„რამდენიმე დღის წინ გავიგე მარათონის შესახებ. სიმართლე გითხრათ, ვემზადებოდი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, სპონტანურად მომიწია. ველოდებოდი გამარჯვებას, რადგან ვარ საქართველოს რეკორდსმენი მარათონში, ოლიმპიელი, ოლიმპიური ნაკრების გუნდის წევრი. არ გამიჭირდა, მაგრამ რთული იყო, 30 კილომეტრი იყო დასაფარი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო 30 წლის იუბილე აზერბაიჯანს და მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის“, – აღნიშნა პირველი ადგილის მფლობელმა დავით ხარაზიშვილმა.

დაჯილდოების ცერემონია რუსთავში, ჰეიდარ ალიევის სახელობის სკვერში გაიმართა. მონაწილეებს სხვადასხვა პრიზი და სერთიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი, საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.

„დღეს აზერბაიჯანი აღნიშნავს კონსტიტუციის მიღების და დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს, რის შესაბისადაც აზერბაიჯანის საელჩომ მოაწყო ღონისძიება. მინდა, გამოვიყენო შესაძლებლობა და მივულოცო აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე. აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

„გარჯვების მარათონი“ მოაწყო საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ, საქართველოს აზერბაიჯანელ სპორტსმენთა ასოციაციამ, აზერბაიჯანის ნავთობკომპანიის წარმომადგენლობამ საქართველოში, აზერბაიჯანელი ბიზნესმენების ასოციაციამ, აზერბაიჯანის ხირდალანის მუსიკალურმა სკოლამ და მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმმა.

დატოვე კომენტარი