თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თვითმხილველები იკითხებიან
თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა მოწმეების დაკითხვით გრძელდება.
საქმეზე არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გასულ კვირას დაიწყო და დღეს მეორე სხდომა ტარდება.
საქმეს ბრალდებულის მოთხოვნით ნაფიცი მსაჯულები იხილავენ. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის იმ მოწმეებს კითხავენ, რომლებმაც პროკურორების განცხადებით, მომხდარი შემთხვევისას მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილი ამოიცნეს.
ბრალდების მხარე მიხეილ იაშვილს კახა ძნელაძის განზრახ მკვლელობას ედავება. ადვოკატ ნინო გელაშვილის განცხადებით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და მისი ფიზიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე, ამ დანაშაულს ვერ ჩაიდენდა, რადგან ყავარჯნებით გადაადგილდება.
ადვოკატის შეფასებით, მიხეილ იაშვილისთვის ამ დანაშაულის დაბრალება მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი.
საქმის პროკურორის ნინო აღლემაშვილის განცხადებით, მომხდარ დანაშაულს ყავს არაერთი თვითმხილველი, რომლებმაც მიხეილ იაშვილი ამოიცნეს.
რაც შეეხება ადვოკატის განცხადებებს, რომ ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე ბრალდებული ვერ შეძლებდა დანაშაულის ჩადენას, პროკურორის თქმით, მიხეილ იაშვილს ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე შეეძლო დანაშაულის ჩადენა და ეს გამოძიებამ დაადგინა.
ჭონქაძის ქუჩაზე ვილნიუსის სკვერთან მკვლელობა გასული წლის 16 აგვისტოს მოხდა.