თბილისში, ბესიკის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბესიკის ქუჩაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.
შეტყობინებაზე რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უმოკლეს დროში მოახდინა. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო ორსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის სახურავზე.
სახანძრო-სამაშველო ჯგუფების ადგილზე მისვლისთანავე, სიტუაციის შეფასების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია და დაიწყო ხანძრის ქრობის სამუშაოები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათივე ცნობით, მჭიდრო დასახლებიდან გამომდინარე, არსებობდა ხანძრის გვერდით მდგარ შენობებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საშიშროება აღკვეთეს და ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოახერხეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ადგილზე მუშაობდა სულ 15-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური“, – აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი საღამოს გაჩნდა.