თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების შესახებ გარემოს დაცვის კომიტეტის თემატური მოკვლევის ანგარიში ბიუროს წარედგინება
თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების შესახებ გარემოს დაცვის კომიტეტის თემატური მოკვლევის ანგარიში ბიუროს წარედგინება

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროების თაობაზე თემატური მოკვლევის ანგარიში მოამზადა. ანგარიში დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება.

კომიტეტმა პირველი თემატური მოკვლევა გასულ წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ აუცილებელია, სახელმწიფო უწყებებს შორის გაუმჯობესებული კოორდინაცია და საკითხისადმი ერთიანი ეროვნული მიდგომის ჩამოყალიბება. ანგარიში აღნიშნულია, რომ დაბინძურების ძირითადი წყაროებია: ტრანსპორტი, მშენებლობა და სხვა.

ამასთან, კომიტეტი განიხილავს ჰაერის დაბინძურების ჯანმრთელობაზე ზეგავლენას და ასაბუთებს ამ მიმართულების პრიორიტეტულობას. გარდა ამისა, ანგარიში მთავრობის სამოქმედო გეგმის, უკვე განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობასაც აფასებს და კონკრეტულ რეკომენდაციებს გასცემს.

„აღწერილობის ნაწილის გარდა, აქ არის რეკომენდაციები მოცემული. მთლიანობაში 40 რეკომენდაციაა, რომლებიც სხვადასხვა უწყების მიმართ შევიმუშავეთ. ამ რეკომენდაციების კუთხით აღსანიშნავია, რომ მითითებულია კონკრეტული ვადები, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი თვლიან, რომ რომელიმე რეკომენდაცია არ არის მიზანშეწონილი შესასრულებლად, უნდა ახსნან, თუ რა არის ამის მიზეზი. დარწმუნებული ვარ, ის შემჭიდროებული ვადები, რომელიც ამ რეკომენდაციებით გვაქვს მითითებული, საბოლოო ჯამში მოგვცემს საშუალებას, რომ ძალიან მოკლე პერიოდში ვიგრძნოთ სხვაობა ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. როგორც ყველასთვის არის ცნობილი, ძირითადი პრობლემა არის ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი. ჩვენ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი გაუმართავი ავტოტრანსპორტი გვყავს. რა თქმა უნდა საწვავის ხარისხი და მონიტორინგიც ნაწილობრივ პრობლემად ითვლება. სამშენებლო მტვერიც დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით მძიმე ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევის კუთხით, ისევე, როგორც ბუნებრივი მტვერი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.