29 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, თბილისში ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ ჩატარდება. ამის შესახებ კულტურისა და სპორტის სამინისტროში განაცხადეს. პროექტი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით განხორციელდება. ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი ყოველწლიურ სახეს მიიღებს და სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი იქნება.
ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალის მოდელი მორგებულია საუკეთესო უცხოურ გამოცდილებაზე, რაც კინოხელოვნების საშუალებით ახალგაზრდების ანალიტიკური აზროვნების დონის განვითარებას, მასტერკლასების და ლექციების საშუალებით ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენასა და მათ უცხოურ კინოფესტივალებში მონაწილეობის ხელშეწყობას გულისხმობს.
პროექტის მიზანი ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარება და კინოხელოვნების საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოყენებაა.
ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტი კულტურისა და განათლების ფონდისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ერთობლივი ორგანიზებით ხორციელდება. 14 მარტის ჩათვლით მიღებულ განაცხადებს განიხილავს სპეციალური კომისია, რომელიც ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად 300 ახალგაზრდას შეარჩევს.
„თაობა“ 2018 წლის 29 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ჩატარდება.