კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ფილმის - „მეოთხე ბრაიტონი“ სპეციალური ჩვენება შედგება
კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ფილმის - „მეოთხე ბრაიტონი“ სპეციალური ჩვენება შედგება

კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც 20 აგვისტოს გაიხსნა, ლევან კოღუაშვილის ფილმის – „მეოთხე ბრაიტონი“ სპეციალური ჩვენება შედგება. ფილმის მსოფლიო პრემიერა ორი თვის წინ გაიმართა ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც მას სამი ჯილდო გადაეცა. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

ლევან კოღუაშვილის ფილმის გარდა, წელს კინოფესტივალზე კიდევ ორი ქართული ფილმია წარდგენილი: საკონკურსო სექციაში East of the West Competition აჩვენებენ იოსებ (სოსო) ბლიაძის ფილმს „ოთარის სიკვდილი“. იგი საქართველო-გერმანია-ლიეტუვას კოპროდუქციაა. ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება 21 აგვისტოს. სექციაში Horizons მაყურებელი იხილავს ალექსანდრე კობერიძის ფილმს „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“. ფილმმა პირველი საერთაშორისო აღიარება ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვა, სადაც მას კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (ფიპრესი) ჯილდო გადაეცა.

სამივე ქართული ფილმი, რომელთაც წელს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ, შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.