პირველმა არხმა მესტიის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ფიჩინგ ფორუმის“ გამარჯვებული ქალი რეჟისორი დააჯილდოვა

მესტიაში საერთაშორისო ფილმების მეორე ფესტივალი ჩატარდა. მასში მონაწილეობა 80-მდე კინოხელოვანმა მიიღო, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან 22 ფილმი წარმოადგინეს.

გამარჯვებულები სპეციალურმა ჟურიმ შეარჩია, საქართველოს პირველმა არხმა კი, კინოფესტივალის „ფიჩინგ ფორუმის“ საუკეთესო ქალი რეჟისორისთვის სპეციალური პრიზი, 5 000 ლარი დააწესა და ის ახალგაზრდა რეჟისორს, ანა კვიჭიძეს გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ჟიურის რჩეული ფილმი „გუშაგები“ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამონაწილეობით შეიქმნა და პრემიერა ერთი თვის წინ საქართველოს პირველ არხზე შედგა.

„​გვიხარია, რომ მეორედ ჩავატარეთ ფესტივალი. წელს ბევრად გრანდიოზულად გამოგვივიდა და იმედი მაქვს, უფრო განვვითარდებით. კონკურსში წარმოდგენილი იყო 22 მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ასევე, ყველაზე მთავარი არის ის, რომ ინდუსტრიული მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ. გვქონდა ინდუსტრიული დღეები. მათ შორის, კანის კინოფესტივალის წარმომადგენლებმა ჩაატარეს მასტერკლასები“, – განაცხადა ფესტივალის დამფუძნებელმა მარიამ ხაჭვანმა.

როგორც საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა, მაყურებელს შესაძლებლობა აქვს, ფესტივალზე ნომინირებული და გამარჯვებული ყველა ფილმი იხილოს საქართველოს პირველი არხის ეთერში.

„ვართ იქ, სადაც არის ქართული დოკუმენტური თუ მხატვრული კინო. ამ შემთხვევაში, გვაქვს პატივი, ვიყოთ სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდამჭერი, სადაც „ფიჩინგ ფორუმზე“ გამოვავლინეთ გამარჯვებული და 5 000 ლარი გადაეცა ქალ რეჟისორს. ეს არის ჩვენთვის დიდი პატივი. რაც მთავარია, ყველა გამარჯვებული ან ნომინირებული ფილმი ფესტივალის შემდეგ, ხვდება პირველ არხზე, ამიტომ, მაყურებელი უნდა დარჩეს ჩვენთან ერთად“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.