ბერლინის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში ქართულ-გერმანული სრულმეტრაჟიანი ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება
ბერლინის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში ქართულ-გერმანული სრულმეტრაჟიანი ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება

30-წლიანი პაუზის შემდეგ, ბერლინის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში ქართულ-გერმანული სრულმეტრაჟიანი ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

„მას შემდეგ, რაც 1993 წელს თემურ ბაბლუანის ფილმს „უძინართა მზე“ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ვერცხლის დათვი“ გადაეცა, ფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი არ შერჩეულა. თითქმის 30-წლიანი პაუზის შემდეგ კი, ბერლინალეს მთავარ სელექციაში ალექსანდრე კობერიძის ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება. ფილმი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა და მისი სახელწოდებაა „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე“, – აღნიშნულია კინოცენტრის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პანდემიის გამო, ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ჩვეული ფორმატით არ გაიმართება. 1-5 მარტს მოეწყობა ევროპული კინოს ვირტუალური ბაზრობა Industry Event, ხოლო 9-20 ივნისს ზაფხულის გამოშვების (Summer Special) ფარგლებში ნაჩვენები იქნება ფესტივალის მიერ შერჩეული ფილმები.

ამასთან, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ეროვნული კინოცენტრი წელს უკვე მეთექვსმეტედ წარადგენს საქართველოს პავილიონს, სადაც ინდუსტრიული კუთხით იმუშავებს ეროვნული კინოცენტრის გუნდი კინოცენტრის დირექტორის, გაგა ჩხეიძის ხელმძღვანელობით. პანდემიის გამო, პავილიონი ვირტუალური იქნება, შეხვედრები კი ონლაინ რეჟიმში გაიმართება კინოფესტივალების პროგრამერებთან, გაყიდვების აგენტებთან, დისტრიბუტორებთან და პროდიუსერებთან.

დატოვე კომენტარი